უნგრეთის პარლამენტის სპიკერი: ევროკავშირმა შეცდომა უნდა გამოასწოროს

ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის უარი შეცდომა იყო – საქართველო არა მხოლოდ იმსახურებს ასეთ სტატუსს, არამედ ყველა გაგებით ევროპის ნაწილია, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ლასლო კიოვერმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.

„ვფიქრობთ, რომ ევროინსტიტუტებმა სასწრაფოდ უნდა აღადგინონ დაკარგული დრო და გამოასწორონ ის შეცდომა, რაც დაუშვეს ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაში, როდესაც საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას. საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს სტატუსს, ყველა გაგებით საქართველო არის ქრისტიანული ევროპის ნაწილი", – განაცხადა კიოვერმა.

როგორც უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა აღნიშნა, ქრისტიანობა ზოგადად ევროპის საფუძველია.
მისი თქმით, საქართველო არა ბოლო რიგებში, არამედ პირველ ან მეორე ადგილზეა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საკანონმდებლო ჰარმონიზაციის მხრივ.

„ამიტომაც საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროკავშირის წევრი ქვეყნების გვერდით არის. ხმამაღლა ვამბობდით და გავაგრძელებთ ამაზე საუბარს, როცა საშუალება იქნება და როდესაც საჭირო იქნება, ქმედებითაც გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას", – აღნიშნა კიოვერმა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მომავალი წლის მეორე ნახევარში უნგრეთი იქნება ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ისინი დარწმუნებული არიან, რომ ამ დროს საქართველოს კიდევ მეტი პროგრესი ექნება ევროინტეგრაციის გზაზე.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა მიესალმება და აფასებს უნგრული მხარის მაღალი დონის განცხადებებს, რომელიც აშკარად და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ეს არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი სამშობლოს ევროპულ მომავალს. ეს არის ის, რასაც ველით და გვინდა მოვისმინოთ სხვა სახელმწიფოებისგან", – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს პროგრესზე ისაუბრეს.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში ყველა წევრი ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის გამოცდილება. ჩვენ მზად ვართ საქმიანი და საგნობრივი დიალოგისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად დიდი ენერგიითა და მონდომებით", – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველო მოლოდინის რეჟიმში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთშორისი კომისია.