თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ კრწანისის ტყეპარკში დააფიქსირა ხონთქრის ქათმები - უჩვეულო სილამაზის და შეფერილობის ფრინველები.
ხონთქრის ქათამი - Purple Swamphen (Porphyrio porphyrio) ლამაზი შეფერილობით გამოირჩევა: ინდიგოსფერი ბუმბული და მკვეთრი წითელი ნისკარტი, შუბლის ფარი და ფეხები აქვს. ძლიერი, გრძელი ფეხების საშუალებით სწრაფად დარბის და საკვების მოსაპოვებლად მოხერხებულად დაძვრება ჭაობის მცენარეულობაში.
ძირითადად ბინადრობს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ევროპიდან და აფრიკიდან ავსტრალიამდე და ახალ ზელანდიამდე, უმთავრესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ კლიმატში.
ხონთქრის ქათამი
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIA
კრწანისის ტყეპარკში არსებულ ჭაობთან ობიექტივში ერთბაშად ორი ხონთქრის ქათამი მოხვდა. როგორც წესი, წყვილები ერთად აგებენ ბუდეს და ზრდიან ბარტყებს.
ხონთქრის ქათამი
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIA
კრწანისის ტყეპარკი დედაქალაქთან ახლოს მდებარე ბიომრავალფეროვნებით ყველაზე მდიდარი ადგილია. წლის განმავლობაში აქ ასზე მეტი სახეობის ფრინველს შეიძლება შევხვდეთ. ამ თავისებურებას დიდწილად განაპირობებს უნიკალური ჭალის ტყის ეკოსისტემა.