თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ებრაელ ერს როშ ჰაშანას - ახალი წლის დადგომა მიულოცა.
„გულითადად ვულოცავ ებრაელ ერს როშ ჰაშანას - ახალი წლის დადგომას. ეს დღე, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს შექმნას, თითოეული ებრაელისათვის არის განვლილი წლის შეჯამებისა და მომავლის იმედის დღესასწაული“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მისალოც წერილში.
როგორც წერილშია აღნიშნული პრეზიდენტი განსაკუთრებით ულოცავს ამ დღეს საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს.
„განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს - ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, რომლებთანაც მრავალი საუკუნის ძმური თანაცხოვრება გვაკავშირებს, ვუერთდები თქვენს სიხარულს, დაე, ეს წელი თითოეული თქვენგანისა და მთელი მსოფლიოსათვის იყოს მშვიდობის, სიკეთის, წარმატებისა და ბედნიერების მომტანი“, - აღნიშნულია წერილში.
როშ ჰაშანა, ანუ ებრაული ახალი წელი ისრაელში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მისი ერთ-ერთი სიმბოლო თაფლიანი ვაშლია, რომელიც ამ დღეს ყველა ებრაელის ოჯახშია.
როშ ჰაშანა სამყაროს შექმნის პატივსაცემად აღინიშნება. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, როშ ჰაშანას დროს ღმერთი განსჯის ადამიანს გასული წლის ქმედებებისთვის, ჩაწერს ან არ ჩაწერს მის სახელს სიცოცხლის წიგნში და განსაზღვრავს მის ბედს დამდეგი წლისთვის. ამ დღეებში ყოველი ებრაელი ინანიებს მის შეცდომებსა და ცოდვებს.