თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში ფერმერებმა აქცია გამართეს, სადაც ადგილობრივი ხორბლის ფასი გააპროტესტეს, იუწყება „პირველი არხი“.
ხორბლის მწარმოებელი ფერმერების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობამ ფქვილის იმპორტზე დროებით, 5 თვის ვადით საიმპორტო საფასური დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში 10 ივნისს შევიდა. ფქვილის იმპორტის გაფორმების მომსახურების ღირებულება 2023 წლის 1 ნოემბრამდე იმოქმედებს.
მომიტინგეების თქმით, ერთი კილოგრამი ხორბლის ფასი წელს 40-45 თეთრია და თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს. ფერმერები ამას საქართველოში დიდი რაოდენობით იმპორტირებული და იაფი მარცვლეულის, ფქვილის შემოტანით ხსნიან და აღნიშნავენ, რომ ფასის დაცემასთან ერთად შიდა ბაზარზე ქართულ ხორბალზე მოთხოვნა შემცირდა.
„ერთ კილოგრამი ხორბლის მოყვანა 80 თეთრამდე გვიჯდება. იბარებენ 40 თეთრად, თუ ჩვენვე მივუტანთ. ეს არის ხალხის დაცინვა. თან გვეუბნებიან, თითქოს ჩვენი ხორბალი დაბალი ხარისხის არის, რაც სიმართლეს არ შესაბამება. ჩვენ უკან ოჯახებია. მოსავლის მოსაყვანად კრედიტი რომ აგვეღო, სახლები ბანკში გვაქვს ჩადებული. სხვა შემოსავალი არ გაგვაჩნია და ვალს ვერ გადავიხდით“, – განაცხადა ერთ-ერთმა ფერმერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება იმპორტირებულ მარცვლეულზე თუ გარკვეულ გადასახადს არ დააწესებს, შირაქის ველზე წელს ხორბალი აღარ დაითესება.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვენ ქვეყანაში პრიორიტეტული ადგილობრივი წარმოების ხორბალი და მისი რეალიზაცია იყოს.
საქართველოს მთავრობამ ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად მიიღო, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციის პრობლემები შეექმნათ მასზე მოთხოვნის არარსებობის გამო. მოსალოდნელი იყო, რომ სიახლე გაზრდიდა ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს მის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში რუსეთიდან შემოიტანეს 44,1 ათას ტონაზე მეტი ხორბალი და მესლინი (2022 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელზე 17,2%-ით მეტი), ასევე 57,2 ათასი ტონა ხორბლის ფქვილი – 6,2%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.