თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შიზოფრენია — ქრონიკული ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს ადამიანს თავის ტვინში დოფამინის რეცეპტორების ფუნქციის მოშლის შედეგად, აცხადებენ ევროპული სამედიცინო ცენტრის (EMC) სპეციალისტები.
მათი თქმით, ამ დაავადებისგან არც ბავშვები არიან დაზღვეული, რომლებშიც შიზოფრენია რეალობის დამახინჯებული აღქმითა და არაჯანსაღი ფსიქიკური რეაქციებით ვლინდება: ემოციური სიცივით, აუტიზაციით, განმარტოება-დისტანცირებით.
ამასთან დაავადების ბავშვურ ტიპს ზუსტი სტრუქტურა არ აქვს, ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვს სამი კონკრეტული სიმპტომი აღენიშნება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ნამდვილად შიზოფრენია აქვს. ამას მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს დაკვირვებითა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების მეშვეობით.
მნიშვნელოვანი ფაქტი: ბავშვის ფსიქიკა საკმაოდ მოქნილია და სწრაფი და სწორი მკურნალობის, შესაბამისი მედიკამენტური თერაპიისა და სოციალური გარემოს შექმნის შემთხვევაში ბავშვური შიზოფრენიისგან განკურნება სრულიად შესაძლებელია. სწორედ ამიტომ ექიმები ცდილობენ, არ დაუდასტურონ მოზარდს ეს დიაგნოზი მანამ, სანამ ის სრულწლოვანი არ გახდება.
შიზოფრენიის ნიშნები ბავშვებში
ბავშვებში შიზოფრენიის პირველი ნიშნები ზოგადი მდგომარეობის დარღვევით ვლინდება. ის ხდება უფრო ინერტული და იმას, რაც ადრე აინტერესებდა, მნიშვნელობა ეკარგება.
შიზოფრენიით დაავადებული ბავშვი ზედმეტად ემოციურად და გამოხატული გაღიზიანებით რეაგირებს ჩვეულ ქმედებებსა და მოვლენებზე, თავს იჩენს მკაფიო პროტესტი, ასევე ძილის დარღვევა.
პრეპუბერტატულ ასაკში და მოზარდობისას ამ დაავადების მქონე ბავშვებს ახასიათებთ აზროვნების პრობლემები. ხშირად აქვთ უცნაური ფანტაზიები და შიშები. ეს გამოიხატება იმით, რომ ბავშვები თავს არიდებენ თანაკლასელებსა და მასწავლებლებს, უარს ამბობენ სკოლაში სიარულზე, ეწყებათ გაუცხოება მშობლებისადმი.
შიზოფრენიით დაავადებულ ბავშვს არაადეკვატური რეაქცია აქვს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. მაგალითად: იცინის, როდესაც ვინმე ცხოველს კლავს, ან, პირიქით, ტირის, როდესაც სასურველ საჩუქარს ჩუქნიან.
შიზოფრენიის მქონე ბავშვს შეიძლება დაეწყოს ექოლალია, ანუ გამუდმებით იმეოროს ერთი და იგივე სიტყვა კონტექსტიდან ამოგლეჯილად. შეიძლება უეცრად გაწყვიტოს ფრაზა და აზრი არ დაასრულოს, ან, პირიქით, ერთმანეთთან შეუსაბამო ფრაზები იმეოროს.
ხშირად მისი მიმიკა არ შეესაბამება წარმოთქმულს — ხდება თავისებური და ნაკლებად გამომხატველი.
შიზოფრენიით დაავადებული ბავშვი შეიძლება დიდხანს „გაიყინოს“ ერთ პოზაში, მისი მოძრაობები გახდეს მოუხერხებელი, ან, პირიქით, ძალიან აქტიური. ეს ბოლო ხშირად იჩენს თავს პატარა ბავშვებში და მშობლებს ის ჩვეულებრივ ჰიპერაქტიურობაში ეშლებათ.
EMC-ს სპეციალისტების განმარტებით, შიზოფრენიის სიმპტომები იყოფა ორ სახეობად: დადებითად და უარყოფითად.
ნეგატიური ნიშნებია: ინტერესის დაკარგვა იმ ყველაფრისადმი, რაც ადრე ცხოველ ინტერესს იწვევდა, ასევე რეგრესიული ქცევა — ბავშვი კარგავს სისუფთავის დაცვის უნარებს, მუდმივად დუმს, ლაპარაკის ნაცვლად ლუღლუღებს და ა.შ.
დადებითი ნიშანია ჰალუცინაციები. შიზოფრენიის მქონე ბავშვს ჰგონია, რომ ვიღაც დასდევს, ხედავს სილუეტებს და უკიდურესად შფოთავს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ბავშვს და დროულად მიმართონ სპეციალისტს.
დაავადების მიზეზები
პოტენციური გენეტიკური მიდრეკილება. თუ ერთ-ერთ მშობელს შიზოფრენია აქვს, მაშინ ბავშვის დაავადების რისკი 5-7%-ს არ აღემატება; თუ ორივე მშობელია დაავადებული, მაშინ რისკი 15%-მდე იზრდება.
ბიოლოგიური მიდრეკილება: დოფამინური სისტემის გადაწყობისას ბიოქიმიური პროცესები ირღვევა, რაც ფსიქიკური აშლილობის მიზეზი ხდება.
არასასურველი ატმოსფერო, რომელშიც ბავშვი იზრდება: ემოციური სიცივე ახლობლების მხრიდან ან, პირიქით, ჰიპერპროტექცია, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია აღზრდაში, სისტემურობის არარსებობა და სხვა სოციალური მიზეზები.
ამასთან ბევრი მეცნიერი ემხრობა მოსაზრებას, რომ შიზოფრენიის უმთავრესი მიზეზი დედის ფეხმძიმობისას ან მშობიარობისას ნაყოფის ტვინის დაზიანებაა. ასეთ ბავშვს ნეირონები არასწორად უმწიფდება, ხოლო ტვინის პარკუჭების მოცულობა იზრდება.
დანიელი მეცნიერების კვლევა აჩვენებს, რომ იმ ბავშვების 10%-ს, რომლებიც მძიმე მშობიარობის შედეგად ან რთული ორსულობის შემდეგ დაიბადნენ, უკვე 15 წლის ასაკში გამოუვლინდა შიზოფრენია. სწავლულები ფიქრობენ, რომ ამ დაავადების ამოცნობა სწორედ ბავშვობის ასაკშია ძალიან მნიშვნელოვანი.
მათ გამოყვეს 10 შეკითხვა, რომლებიც მშობლებს დაეხმარება დაადგინონ, აქვს თუ არა მათ შვილს ამ დაავადების ნიშნები.
შეკითხვები ასე გამოიყურება:
რთული ორსულობა გქონდათ?
ბავშვი მცირე (არასაკმარისი) წონისა დაიბადა?
რთულად იმშობიარეთ?
თქვენი შვილი ინფექციური დაავადებებით უფრო ხშირად ავადობს, ვიდრე სხვა ბავშვები?
თქვენი შვილი მოუქნელია, ანუ ხშირად უცვივა და ემტვრევა ნივთები?
მარტივია თქვენი შვილის ყურადღების გადართვა?
თქვენი შვილი ემოციურად არასტაბილურია, სწრაფად აღიგზნება და ასევე სწრაფად მშვიდდება?
ბავშვს ცუდად სძინავს?
თქვენი შვილი უფრო ხშირად არღვევს დისციპლინას, ვიდრე სხვა ბავშვები?
თქვენს შვილს უჭირს კოლექტივთან შერწყმა?
დანიელი სწავლულები ამბობენ, რომ თუ ამ 10 კითხვიდან შვიდს დადებითად უპასუხებთ, საჭიროა დაფიქრდეთ სპეციალისტთან კონსულტაციაზე.