ქართული ღვინის ონლაინ-კურსი ნაპა ველის ღვინის აკადემიის სასწავლო პროგრამაშია

კურსის ფარგლებში აუდიტორია ქართული ღვინის ისტორიას, კულტურას, ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და მეთოდებს გაეცნობა.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ამერიკის შეერთებულ შტატებში სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის მხარდაჭერით მსოფლიოში ცნობილ ნაპა ველის ღვინის აკადემიის (Napa Valley Wine Academy, კალიფორნია) სასწავლო პროგრამას ქართული ღვინის ონლაინ-კურსი ემატება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კურსის ფარგლებში აუდიტორია გაეცნობა ქართული ღვინის ისტორიას, კულტურას, ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და მეთოდებს, ქართული ღვინის რეგიონებს, ღვინის მრავალფეროვან ჯიშებს და სხვ. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები Napa Valley Wine Academy-სგან.

„კურსი პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი ოფიციალური ინგლისურენოვანი სასერტიფიკატო კურსია ქართულ ღვინოზე აშშ-ში", – აღნიშნეს სააგენტოში.

კურსს ნაპა ველის ღვინის აკადემიის თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ბუგი (Catherine Bugue) წარუძღვება.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთ მნიშვნელოვან აკადემიასთან თანამშრომლობა არის საუკეთესო შესაძლებლობა, უფრო ფართოდ და საფუძვლიანად იყოს წარმოდგენილი ქართული მეღვინეობის ისტორია, კულტურა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარზე აშშ-ში", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.