საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 500 მილიონით გაიზრდება - რას მოხმარდება თანხები?

გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება როგორც ხელფასების ზრდას, ისე უკვე დაწყებული პროექტების დაფინანსებას და მიმართული იქნება ჯანდაცვასა და სხვა სფეროებზე.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გასავლები 500 მლნ ლარით გაიზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 21,9 მლრდ ლარს შეადგენს, შემოსავლები დაახლოებით 17,9 მილიარდ ლარს აღწევს, საიდანაც 16,3 მლრდ ლარი საგადასახადო შემოსულობებია.

„წლევანდელი ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულად დავგეგმეთ და იგი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო გათვლილი, მაგრამ სწორედ ჩვენი პოლიტიკისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს და მასში შეგვაქვს ცვლილებები – წლევანდელი ბიუჯეტი 500 მლნ ლარით გაიზრდება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება როგორც ხელფასების ზრდას, ისე უკვე დაწყებული პროექტების დაფინანსებას და მიმართული იქნება ჯანდაცვასა და სხვა სფეროებზე.
„გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები, რომლებიც გაიგზავნებიან უმაღლესი დონის კლინიკებში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ბიუჯეტში ცვლილებები უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა
საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წელს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
2023 წლის ივლისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5% შეადგინა, მიმდინარე წლის შვიდ თვეში ქვეყნის ეკონომიკა 7,2%-ით გაიზარდა.
2023 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 0,3% შეადგინა, სავაჭრო ბრუნვამ კი 12,1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 18%-ით მეტია გასულ წლის მაჩვენებელთან შედარებით.