საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა ფორუმს მასპინძლობს

Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა ფორუმი გაიხსნა, იუწყება „პირველი არხი".
ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელთა ღონისძიება რეგიონში მოღვაწე ვიკიპედიისა და მისი პარტნიორი სხვა პროექტების რედაქტორების ყოველწლიური შეხვედრაა. ფორუმი საქართველოში პირველად იმართება და მასში მონაწილეობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 160 წარმომადგენელი იღებს.
ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე.

„ვფიქრობ, რომ „ვიკიპედიას“ ბევრი აქვს საერთო საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რადგან ორივე ემსახურება ცოდნის გავრცელებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ფუნქციაც სწორედ ეს არის. სიმბოლურია, რომ დღეს უნივერსიტეტში ვხვდებით ერთმანეთს, თან დღეს დაიწყო სწავლა", – განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მჭიდროდ თანამშრომლობს „ვიკიპედიასთან", ერთ-ერთი ქართული ვიკიმედიის მენეჯერი „პირველი არხის" თანამშრომელი მიხეილ ჭაბუკაშვილია.