რუსეთის საელჩომ მოლდოვის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საელჩომ კიშინიოვში მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა „Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელ ვიტალი დენისოვის დეპორტაციის გამო, ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

„მოლდოვის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩო ყურადღების მიღმა არ ტოვებს „Sputnik–მოლდოვის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ვ.ა. დენისოვის აღმაშფოთებელ დეპორტაციას. 13 სექტემბერს მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროში საპროტესტო ნოტა გაიგზავნა“, — ნათქვამია საელჩოს Telegram-არხზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა მოლდოვის ფართო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის სფეროში უფლებამოსილი სტრუქტურების ფართო რეაქციას ელოდება.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დენისოვის დეპორტაციასთან დაკავშირებით „მკაცრი პროტესტი“ გამოუცხადა მოსკოვში მოლდოვის საქმეთა დროებით რწმუნებულ სერჯიუ გონჩერენკოს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, მოლდოვის ხელისუფლების მოქმედება უსაფუძვლოა და პროვოკაციული, და ხაზი გაუსვეს, რომ კიშინიოვის არამეგობრული ნაბიჯი ადეკვატური პასუხის გარეშე არ დარჩება.
„Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელმა ვიტალი დენისოვმა 13 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვიდან აძევებენ. მისი თქმით, კიშინიოვში მდებარე ბინაში მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს და აეროპორტში წაიყვანეს პირველივე რეისით დეპორტაციის მიზნით. დენისოვის თქმით, მოლდოვის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უშიშროებას და ამიტომ ქვეყანაში 10 წლით ეკრძალება შესვლა.
გასული წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ მოლდოვის საინფორმაციო და უშიშროების სამსახურმა „Sputnik–მოლდოვა“ დაბლოკა. ამის მიზეზად „ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შემცველი დეზინფორმაციის" გავრცელების რისკი დაასახელა. 7 მარტიდან შეწყდა სააგენტოს რადიოსადგურის მაუწყებლობაც. რუსეთის საელჩომ დაგმო კიშინიოვის მოქმედება და „Sputnik–მოლდოვის“ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არაობიექტური და პოლიტიზებული უწოდა.