დენისოვის დეპორტაცია: მოსკოვმა კიშინიოვს მკაცრი პროტესტი გამოუცხადა

Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვში მოლდოვის საქმეთა დროებით რწმუნებულ სერჯიუ გონჩერენკოს მკაცრი პროტესტი გამოეცხადა „Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელ ვიტალი დენისოვის ქვეყნიდან გაძევების გამო, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„[გონჩერენკოს] ეცნობა, რომ რუსული მხარე ამ ნაბიჯს ოფიციალური კიშინიოვის მიერ გაშლილი ანტირუსული კამპანიის ნაწილად განიხილავს. მოლდოვურ მხარეს რუსულენოვანი მედიარესურსების დევნის შეწყვეტა და სიტყვისა და მედიის თავისუფლების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების დაცვა, ასევე ჟურნალისტების უფლებების უზრუნველყოფა მოეთხოვა“, — აღნიშნეს უწყებაში.

ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის ხელისუფლების მოქმედებას უსაფუძვლო და პროვოკაციული უწოდა და უწყებაში ხაზი გაუსვეს, რომ კიშინიოვის არამეგობრული ნაბიჯი ადეკვატური პასუხის გარეშე არ დარჩება.
„Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელმა ვიტალი დენისოვმა 13 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვიდან აძევებენ. მისი თქმით, კიშინიოვში მდებარე ბინაში მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს და აეროპორტში წაიყვანეს პირველივე რეისით დეპორტაციის მიზნით. დენისოვის თქმით, მოლდოვის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უშიშროებას და ამიტომ ქვეყანაში 10 წლით ეკრძალება შესვლა.
გასული წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ მოლდოვის საინფორმაციო და უშიშროების სამსახურმა „Sputnik–მოლდოვა“ დაბლოკა. ამის მიზეზად „ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შემცველი დეზინფორმაციის" გავრცელების რისკი დაასახელა. 7 მარტიდან შეწყდა სააგენტოს რადიოსადგურის მაუწყებლობაც. რუსეთის საელჩომ დაგმო კიშინიოვის მოქმედება და „Sputnik–მოლდოვის“ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არაობიექტური და პოლიტიზებული უწოდა.