ბათუმში ბინები ახალ კომპლექსში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 100 ოჯახს გადაეცა

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის" პროგრამის ბენეფიციარებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ირჩევს.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში 100 ოჯახი თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში სახელმწიფო პროგრამა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ფარგლებში ბინების მფლობელი გახდა, ნათქვამია ქალაქის მერის არჩილ ჩიქოვანის პრესსამსახურის განცხადებაში.
პროგრამით სარგებლობა ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეეძლოთ, რომელთაც არ ჰქონდათ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის საშუალება აქვთ. პროექტის ჯამური ღირებულება 13 მილიონი ლარია.
„დღეის მდგომარეობით 180 ოჯახი არის დაკმაყოფილებული. პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და, რაც მნიშვნელოვანი და უმთავრესი არის, როგორც კრიტერიუმების ნაწილში, ასევე ბუნებრივია სამომავლო საჭიროებების ნაწილში ინდივიდუალურად ყველა ბათუმელის აზრი და საჭიროება იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა მერმა პრეზენტაციაზე.
მაცხოვრებლებს სრულად გარემონტებული ბინები გადასცეს, ბენეფიციარებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია დადგენილი კრიტერიუმებით არჩევდა.
მერის თქმით, ოჯახებს გადაეცათ სრულად კეთილმოწყობილი ბინები ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებისთვის ადაპტირებულ გარემოში, მათ შორის მოწყობილია დასასვენებელი ზონა და საბავშვო მოედანი.