თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ს არ აქვს უფლება, ასწავლოს რუსეთს, ვისთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, ასე უპასუხა რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა ჟურნალისტს შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებებს რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ვიზიტზე.
„შეერთებულ შტატებს არ აქვს უფლება გვასწავლოს – როგორ ვიცხოვროთ. რუსეთს, როგორც პასუხისმგებლიან ბირთვულ სახელმწიფოს და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, აქვს უნარი, თავად გადაწყვიტოს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა“, — აღნიშნა მან.
ანტონოვის თქმით, ვაშინგტონის მცდელობა, წარმოაჩინოს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები მსოფლიოში არასტაბილურობის ფაქტორად, „იწვევს არა მხოლოდ გაოცებას, არამედ უარყოფასაც“.
ამასთან, რუსი დიპლომატის თქმით, ამერიკელები თავად არღვევენ ვალდებულებებს, რისი დამადასტურებელიცაა „კიევის კოლოსალური რაოდენობის იარაღით“ მომარაგება.
„ვაშინგტონის ორპირობა უკვე დიდი ხანია არავის უკვირს: ამერიკელებისთვის შეიძლება იარაღის მიწოდება „ცხელ წერტილში", ანუ უკრაინაში, ხოლო რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა უცხო ქვეყნებთან, [ბაიდენის] ადმინისტრაციის ლოგიკით, უკანონოა. უფრო მეტიც, ჩვენს პარტნიორებს კვლავ ემუქრებიან სანქციებით. და მოსკოვიც, როგორც ამბობენ, თავისას მიიღებს“, — ამბობს ანტონოვი.
მისი თქმით, მოვიდა დრო, რომ ვაშინგტონმა „ნაგავსაყრელზე მოისროლოს თავისი სასანქციო ხელჯოხი და დაფიქრდეს, როგორ ააგოს თანასწორი ურთიერთობები ყველა სახელმწიფოსთან უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპზე დაყრდნობით“.
„ოფიციალური წრეებისთვის ესოდენ საყვარელი ერთპოლუსიანი დომინირების შენარჩუნება უკვე შეუძლებელია“, — მიაჩნია რუსეთის ელჩს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში 12 სექტემბერს ჩავიდა, 13 სექტემბერს ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს გაუსვა ხაზი. კიმ ჩენ ინის რუსეთში ჩასვლის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის მიიღოს ზომები, რათა ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას.