მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივი გახდება

მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარე წლის 1 აგვისტოს დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებულ შეზღუდვებში ცვლილებები შევიდა და აქ მოძრაობა ცალმხრივი გახდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცვლილება შეეხება მიცკევიჩის ქუჩაზე ტანძიის ქუჩისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთიდან ტაშკენტისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოქმედ შეზღუდვას.
ცვლილებები 15 სექტემბრის 24:00 საათიდან ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ტაშკენტის ქუჩიდან ტანძიის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის, დავით გამრეკელისა და არჩილ ცაგარლის ქუჩების გამოყენებით.
ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. კერძოდ,
- N347 ავტობუსი ნუცუბიძის I პლატოდან სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას ყაზბეგის გამზირიდან ტანძიისა და ადამ მიცკევიჩის ქუჩებზე აღარ გადაადგილდება. ავტობუსი სვლას კვლავ ყაზბეგის გამზირზე გააგრძელებს, რის შემდეგაც დავით გამრეკელის ქუჩით დაუკავშირდება მიცკევიჩის ქუჩას, პეკინის გამზირიდან კი დადგენილი სქემით იმოძრავებს.
- N497 მიკროავტობუსი ვეძისის დასახლებიდან ბუკიას ბაღის მიმართულებით მოძრაობისას იონა ვაკელის ქუჩიდან გაივლის ტანძიის ქუჩას, მობრუნდება საირმის ქუჩის გადაკვეთასთან, რის შემდეგაც მიცკევიჩის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს ყაზბეგის გამზირზე და გამრეკელის ქუჩით სულხან ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას მიკროავტობუსის მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.
მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარე წლის 1 აგვისტოს დაიწყო.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში 19.800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და პანდუსები. ასევე დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.
საგზაო სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც საკომუნიკაციო და გაზის დაზიანებული ქსელებიც მოწესრიგდება.