თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უკანონო თევზჭერის 309 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქედან 150 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გაეგზავნა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 72 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა 65 ფაქტი, ქვემო ქართლში – 47, კახეთში – 24, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 21, გურიაში – 17, აჭარაში – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 7, შიდა ქართლში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 3. ასევე 19 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა თბილისშიც – საანგარიშო პერიოდში დედაქალაქში უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.
ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვ. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 28, სახლართი ტიპის ბადით – 188, „ჩოგან-ბადით" – 22, ე.წ. გოდორით უკანონო თევზჭერის 19 ფაქტი. ასევე დალუქულია 6 ერთეული გასაბერი ნავი.
მიმდინარე წლის მაისი-აგვისტოში პრევენციული ღონისძიებების შედეგად ჯამში ამოღებულია 3.760 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, 8 მეტრი სიგრძის მოსასმელი ბადე, 3 ერთეული ეკრან-ბადე, 2 ერთეული ჩოგან-ბადე და 22 თევზმახე, ე.წ. გოდორი. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, შაორისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე, ასევე მდინარეებზე - ალაზანი, მტკვარი, ჭოროხი, აჭარისწყალი, ნატანები.
საქართველოში ბოლო რვა თვეში უკანონო თევზჭერის 499 ფაქტი გამოვლინდა. აქედან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 161 ფაქტი.