უმეტესობა ჩვენგანმა იცის თავისი ზოდიაქოს ნიშანი, მაგრამ ვინც მზის ერთი ასტროლოგიური ნიშნიდან მეორეში გადასვლის პერიოდში დაიბადა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ორი ნიშნის ზღვარზეა დაბადებული. ასეთი ადამიანები თავისებურად უნიკალურები არიან, მათ შორის ბევრია არაორდინარული პიროვნება, რომელიც ზოგადად მიღებულ არცერთ ჩარჩოში არ თავსდება.
ეს პერიოდებია:
თხის რქა - მერწყული (16-22 იანვარი) - იდუმალებისა და წარმოსახვის პიკი
მერწყული - თევზები (15-21 თებერვალი) - მგრძნობიარობის პიკი
თევზები - ვერძი (17-23 მარტი) - წარმატების პიკი
ვერძი - კურო (16-22 აპრილი) - ძალაუფლების პიკი
კურო - ტყუპი (17-23 მაისი) - ენერგიის პიკი
ტყუპი - კირჩხიბი (17-23 ივნისი) - მაგიის პიკი
კირჩხიბი - ლომი (19-25 ივლისი) - წინააღმდეგობების პიკი
ლომი - ქალწული (19-25 აგვისტო) - დაშორიშორების პიკი
ქალწული - სასწორი (19-25 სექტემბერი) - სილამაზის პიკი
სასწორი - მორიელი (19-25 ოქტომბერი) - დრამისა და კრიტიკის პიკი
მორიელი - მშვილდოსანი (18-24 ნოემბერი) - რევოლუციის პიკი
მშვილდოსანი - თხის რქა (18-24 დეკემბერი) - წინასწარმეტყველების პიკი
თხის რქა - მერწყული (16-22 იანვარი) - იდუმალებისა და წარმოსახვის პიკი
რას მივიღებთ, თუ სტაბილური თხის რქისა და უცნაური მერწყულის ენერგიებს გავაერთიანებთ? უნიკალურ პიროვნებას. თუ 16-22 იანვრის პერიოდში დაიბადეთ, ეს იდუმალებისა და წარმოსახვის პიკის პერიოდია. თქვენთან არავინ არასდროს მოიწყენს. გარეგნულად შეიძლება იყოთ ექსტრავაგანტული ან პირიქით - მორცხვი და მშვიდი, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ემოციებით იქნებით სავსე. თქვენ კაშკაშა ოცნებები და მდიდარი ფანტაზია გაქვთ. თუ გინდათ ბედნიერი იყოთ, თავი შემოქმედებაში უნდა გამოავლინოთ. კარიერასთან დაკავშირებული შრომისმოყვარეობა და მაღალი სტანდარტები უმრავლეს წამოწყებებში წარმატების მომტანია, მაგრამ თქვენთვის შეიძლება რთული იყოს პირადი ურთიერთობები.
მერწყული - თევზები (15-21 თებერვალი) - მგრძნობიარობის პიკი
თუ თქვენი დაბადების თარიღი უცნაური მერწყულისა და მეოცნებე თევზების ენერგიას აერთიანებს, „მგრძნობიარობის პიკზე" ხართ დაბადებული. ასეთი ადამიანები სულიერი, არტისტული, მშვიდობისმოყვარე და მეგობრული არიან. ახასიათებთ ორიგინალურობა, შორსმჭვრეტელი იდეები და სიბრძნე. აქვთ მძლავრი ინტელექტი, მაგრამ ხშირად არიან არაპრაქტიკული და ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია სულიერი საკითხები და ფილოსოფიური იდეალები, ვიდრე ყოველდღიური ცხოვრების დეტალების მართვა. ამის გამო ხშირად არიან გონებაგაფანტული. უბრალოდ, ისინი ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.
თევზები - ვერძი (17-23 მარტი) - წარმატების პიკი
თქვენ აერთიანებთ მეოცნებე, მგრძნობიარე თევზებისა და მტკიცე, ცეცხლოვანი ვერძის ენერგიას. თქვენი ხასიათი მგზნებარე იმპულსურობისა და ოცნებების დამაინტრიგებელ ნაზავს წარმოადგენს. და ეს დიდებული შერწყმაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ განა მხოლოდ ოცნებობთ, არამედ ამ ოცნებებს ცხოვრებაში ასხამთ ხორცს. ხართ ლიდერი - უშიშარი, სხვების ტკივილისა და გრძნობების გამგები. გაქვთ მიზნის დასახვის ბუნებრივი უნარი და ასევე სხვების წარმატებაზე მოტივირების უნარი. თუ შეძლებთ თქვენი პიროვნების ორივე მხარის გათანაბრებას, ძალზე წარმატებული ადამიანი გახდებით: თევზები დააოკებს ვერძის ჭარბ სიჩქარეს, ხოლო ვერძს შეუძლია თევზების ოცნებების რეალობად ქცევა.
ვერძი - კურო (16-22 აპრილი) - ძალაუფლების პიკი
ვერძისა და კუროს ნიშნების ზღვარზე დაბადებული ადამიანები ბუნებით ლიდერი არიან. ამ ორი ნიშნის ენერგიები კარგად თავსდება ერთმანეთთან: იმპულსური ვერძი აქტიურად მიიწევს მიზნისკენ იმ დროს, როდესაც პრაქტიკული კურო დეტალებს იღებს თავის თავზე. მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ არ იცით სხვების მოსაზრებებისა და სურვილების გათვალისწინება. ეს ყოველთვის ცუდი არ არის, უბრალოდ, მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა, აგრესიული ინსტიქტების შერბილება და სხვების გრძნობების პატივისცემა.
კურო - ტყუპი (17-23 მაისი) - ენერგიის პიკი
კუროსა და ტყუპის ნიშნებს შორის დაბადებულები ფიზიკური ძალითა და, მათ შორის, ფსიქოლოგიური ამტანობით გამოირჩევიან. ეს თვისებები მათ სხვადასხვა ვითარებასთან და ადამიანთან მორგების უნარს ანიჭებს. თუ ეს ადამიანები ხედავენ მიზანს, ბოლომდე მიდიან და ხანდახან ვერც კი ამჩნევენ, რომ სანთელივით ორივე მხრიდან იწვიან. ამიტომ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გაფრთხილება. თუ ისწავლიან ადამიანებთან ურთიერთობებს, მათ მოსმენას, წარმატებული გახდებიან.
ტყუპი - კირჩხიბი (17-23 ივნისი) - მაგიის პიკი
თუ ტყუპი-კირჩხიბის ნიშნების ზღვარზე დაიბადეთ, საოცარი ადამიანი ბრძანდებით. ესენი არიან მხიარული, ცნობისმოყვარემ მზრუნველი, ერთგული, მგრძნობიარე პიროვნებები. ამავე დროს, შეიძლება იყვნენ ზედმეტად ემოციური, თავქარიანი, ეგოისტი და დეპრესიული. ტყუპის სწრაფი და ცინცხალი ენერგია კირჩხიბის უფრო ნელ და ჩაფიქრებულ ბუნებას ერწყმის. მათ უყვართ ისტორიისა და ფილოსოფიის სწავლა, ახალი რეცეპტების გასინჯვა, ბავშვებთან თამაში. მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ვინმეს სიყვარული. სიყვარულის გარეშე ჭირვეული და დათრგუნული ხდებიან.
კირჩხიბი - ლომი (19-25 ივლისი) - წინააღმდეგობების პიკი
ლომისა და კირჩხიბის ნიშნების მიჯნაზე დაბადებულები გამოირჩევიან კირჩხიბის მგრძნობიარობისა და ლომის სიმამაცის შერწყმით, რაც მათ ხასიათში მრავალ ურთიერთსაპირისპირო თვისებას იწვევს. ამ ადამიანების ცხოვრება სავსეა ექსტრემალური აღმაფრენებითა და ვარდნებით. ისინი არიან მგზნებარე, შემოქმედებითი, მხიარული პიროვნებები, ხშირად იცვლიან შეხედულებებს, განწყობებს და უყვართ „ისტერიკების მოწყობა". მათთვის რეკომენდებულია მოხალისეების საქმიანობაში ჩაბმა, რადგან სხვების დახმარება შესანიშნავი საშუალებაა წონასწორობის მოსაპოვებლად და საკუთარი თავის გარდა სხვა რამეზე კონცენტრირებისთვის. თუ ისწავლიან ხასიათის უკიდურესობების გაწონასწორებას, მათი ცხოვრება სიყვარულითა და მტკიცე ურთიერთობებით იქნება სავსე.
ლომი - ქალწული (19-25 აგვისტო) - დაშორიშორების პიკი
თუ „დაშორიშორების პიკის" პერიოდში დაიბადეთ, ეს არც ისე საშიშია, როგორც გეჩვენებათ. ლომი ცეცხლის ნიშანია, ქალწული კი - მიწის. ეს ნიშნავს, რომ თქვენს პიროვნებაში საპირისპირო ელემენტებია თავმოყრილი. ეს ადამიანები ძალზე შრომისმოყვარე და ვნებიანი არიან. ისინი მთელ ცხოვრებას გარკვეულ საქმეს უძღვნიან. ლომი მოსიყვარულეა, ბუნებით ლიდერი, ქალწული - შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული და ერთგული. ასეთი რთული ნიშნების მიჯნაზე დაბადებულებზე რთულია იმის თქმა, თუ რომელი მიმართულებით განვითარდებიან. ხანდახან ლომი-ქალწულებს დიდება და ყურადღება სჭირდებათ, როგორც ლომებს, ხანდახან კი ქალწულებით მშვიდი, ნაკლებად სოციალური ცხოვრება აკმაყოფილებთ.
ქალწული - სასწორი (19-25 სექტემბერი) - სილამაზის პიკი
თუ ქალწული-სასწორის ნიშნების მიჯნაზე დაიბადეთ, შესანიშნავი ადამიანი ბრძანდებით როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ასეთი ადამიანები არიან გაწონასწორებული, მშვიდი, იშვიათად ეპარებათ ეჭვი თავიანთ არჩევანში. არიან პრაქტიკული, ცოტა ძუნწი, ანგარიშიანი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებში. მაგრამ, ამავდროულად, გამოირჩევიან რომანტიკულობით, უყვართ, როდესაც აქებენ, მადლობას უხდიან. აქვთ უნარი, საერთო ენა გამონახონ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებთან, ამიტომ მათგან კარგი დიპლომატები დგებიან. ისინი ღრმად მოაზროვნე ადამიანები არიან ანალიტიკური უნარებითა და ძლიერი შრომითი ეთიკით, მაგრამ სიზარმაცისა და იმის გამო, რომ არ უყვართ ცვლილებები, შესაძლოა, სასურველს ვერ მიაღწიონ.
სასწორი - მორიელი (19-25 ოქტომბერი) - დრამისა და კრიტიკის პიკი
თუ სასწორისა და მორიელის შერწყმის პერიოდში დაიბადეთ, თქვენ ორი მგზნებარე პლანეტა - ვენერა და პლუტონი გმართავთ. ეს განიჭებთ საოცარ სექსუალობას, მომხიბვლელობას და როგორც წესი, სილამაზეს. ამ ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საჯარო საქმიანობა, რადგან ამის გარეშე ისინი ჩაკეტილი და დათრგუნული ხდებიან. საქმეებში იოლად აღწევენ სიმაღლეებს და იხვეჭენ პოპულარობას. თუმცა ამ ადამიანების ინტელექტი, დრაივი, სიკაშკაშე და სექსუალობა ირგვლივ მყოფებს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეთ. აქვთ ძლიერი ლიდერის თვისებები, არიან ჯიუტები. ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ამპარტავანი არ გახდნენ.
მორიელი - მშვილდოსანი (18-24 ნოემბერი) - რევოლუციის პიკი
ეს ადამიანები ძალებითა და მეამბოხე ენერგიით არიან სავსე. მათ პლანეტები პლუტონი, მარსი და იუპიტერი მართავენ. არიან უშიშარი, ენერგიული ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმისა და მიზნებისკენ ჯიუტად სვლის. თუ ისწავლიან თავიანთი ენერგიის პროდუქტიულ კალაპოტში მიმართვას, უმრავლეს წამოწყებებში წარმატებს მიაღწევენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდამ რაღაცით იყვნენ დაკავებული. ძლიერები, გულუხვები, იუმორის კარგი გრძნობით - ეს ადამიანები ძალზე ერთგული და მხიარული მეგობრები არიან. ნუ ეცდებით მათი თავისუფლების შეზღუდვას. თუ შეძლებენ თავიანთი აგრესიის მოთოკვას, ნებისმიერი კომპანიის სული და გული ხდებიან.
მშვილდოსანი - თხის რქა (18-24 დეკემბერი) - წინასწარმეტყველების პიკი
თუ მშვილდოსანი-თხის რქის მიჯნაზე დაიბადეთ, მაღალი სულიერებით გამოირჩევით, ისწრაფვით სამყაროს შეცვლისკენ. მშვილდოსნის ოპტიმიზმი და სიმამაცე მშვენივრად ერწყმის თხის რქის შრომისმოყვარე და პრაქტიკულ ხასიათს. ამის შედეგად ადამიანი ოცნებობს დიდ რამეზე და შემდეგ ოცნებას ხორცს ასხამს. ეს ადამიანები არიან მობილური, კომუნიკაბელური, უყვართ მოგზაურობა, არიან წარმატებული კარიერაში, მაგრამ ამაზე არ „იციკლებიან". მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, შეიგრძნონ, რომ მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, იგრძნონ, რომ ტყუილად არ მოევლინნენ ამ სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაბელური და კეთილგანწყობილი არიან, გულს მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს უხსნიან.