თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ სამხრეთ კორეაში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალში საპატიო სტუმრის სახით მიიღო მონაწილეობა, სადაც ღვინის 15 მწარმოებელი წარადგინა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს მხარდაჭერით საერთაშორისო ფესტივალზე Daejeon International Wine Festival კორეის ქალაქ დეჯონში წარდგენილი იყო როგორც მსხვილი კომპანიების, ისე მცირე მარნების ღვინოები.
ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა და დეჯონის მერი ჯანგ ვუ ლიი დაესწრნენ.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, ქართული ღვინის პრეზენტაცია მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებზე ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას ემსახურება.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ღვინოს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში მეხუთე პოზიცია უკავია და მასზე მთელი ექსპორტის 4,5% მოდის. ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს.
მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია. 2012 წელს კი ეს თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენდა.
სწორედ 14 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს ქვეყანა საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით.