მსოფლიო დღეს

Reuters: უკრაინას შესაძლოა მალე გადაეცეს კასეტური ბომბების მქონე შორი რადიუსის რაკეტები

Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ბაიდენის ადმინისტრაცია ახლოსაა გადაწყვეტილების მიღებასთან – გადასცეს უკრაინას შორი რადიუსის რაკეტები, რომლებიც კასეტური ბომბებით იქნება აღჭურვილი, იუწყება სააგენტო Reuters ოთხ მაღალჩინოსან ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, ეს საშუალებას მისცემს კიევს, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიებს.

„აშშ განიხილავს ან ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) მიწოდების შესაძლებლობას, რომლებსაც 306 კმ-მდე მანძილზე შეუძლია ფრენა, ან ზალპური ცეცხლის მართვადი სარაკეტო სისტემა GMLRS-ის მიწოდების შესაძლებლობას, რომლის ფრენის მანძილი 72 კილომეტრია და კასეტური ბომბებითაა აღჭურვილი, ან ორივეს მიწოდების შესაძლებლობას“, — წერს სააგენტო.

Reuters-ის ცნობით, რომელიმე ამ ვარიანტის მიწოდების დამტკიცების შემთხვევაში აშშ შეძლებს სწრაფად მიაწოდოს უკრაინას შეიარაღება.
არსებული ცნობით, ამ დროისათვის უკრაინის შეიარაღებაში 155-მმ-იანი არტილერია შედის, რომლის მაქსიმალური სროლის მანძილი 29 კილომეტრია და მას 48 ჭურვის ზიდვა შეუძლია. ATACMS-ს, რომლის მიწოდებაც განიხილება, დაახლოებით 300 ან მეტი ჭურვით, ხოლო GMLRS-ის სისტემა 404 კასეტური ბომბით არის აღჭურვილი.
ამასთან, სააგენტოს წყაროების თქმით, გადაწყვეტილება ATACMS-ის ან GMLRS-ის, ან ორივეს გადაცემაზე, რომლის დამტკიცებასაც ბაიდენის ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში ცდილობს, ჯერჯერობით საბოლოო არ არის და კიდევ შეიძლება გაუქმდეს. სკეპტიკოსები შიშობენ, რომ უკრაინისთვის ATACMS-ის მიწოდება მოსკოვში შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ „ზედმეტად აგრესიულ ნაბიჯად“ აღიქვან.
აღინიშნება, რომ თეთრმა სახლმა ჯერჯერობით უარი თქვა Reuters-ის პუბლიკაციის კომენტირებაზე.
წყარო: Reuters