დღევანდელი მასალის გმირი ფილოლოგი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მანანა გოშაძეა. ამ პიროვნებას თბილისში კარგად იცნობენ. მის მეგობრებს შორის ბევრი ცნობილი ქალაქელია. ჩვენთან საუბარში იმ დროის თბილისს და თბილისელებს იხსენებს.
- ქალბატონო მანანა, დავიწყებ მთავარი კითხვით: რა არის თქვენთვის თბილისი?
- თბილისი ჩემთვის ყველაზე მთავარი ქალაქია. წარსულ დღეებს და ჩემს თბილისს ხშირად ვიხსენებ ხოლმე, ვიხსენებ კეთილ თბილისელებს და ცალკეულ დაუვიწყარ ამბებს. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყველაფერი, რასაც კარგს ვნახავ ხოლმე, აქ მინდა რომ იყოს, მაგრამ მაინც, ჩემი მთაწმინდა და თბილისი ყველაფერს მირჩევნია. მინდა, რომ აქ მცხოვრები ყველა ადამიანი უკეთესად იყოს.
- ბავშვობის რომელ ეპიზოდს გაიხსენებთ?
- ბავშვობაში კინოფილმ „აბეზარაში“ ვარ გადაღებული. რომელი ვარ, იცით? - ბავშვები რომ მისდევენ ქალს „დეიდა ლია, დეიდა ლიას“ ძახილით. იმ ბავშვებში მეც ვარ. ფილმის რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა მნახა, როცა გოგუცა კუპრაშვილთან ვიყავით მისული. სამი ბავშვი ფილმში გადასაღებად პირდაპირ მისი სახლიდან წაგვიყვანა. ასეთი რაღაცებიც ხდებოდა ცხოვრებაში.
- ვიცი, რომ ნოდარ დუმბაძემ ლექსი მოგიძღვნათ...
- დიახ, ჩემთვის საამაყოა ის, რომ ჩვენმა საყვარელმა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ ცნობილი საბავშვო ლექსი „მანანა და ლალი“ მე დამიწერა. ბატონი ნოდარი მამაჩემის მეგობარი იყო. უსაზღვროდ კარგი, თბილი და ტკბილი ადამიანი. რა ვიცი, თუ რაიმე სიკეთე შეიძლება ითქვას, ეს პირველ რიგში ამ ადამიანზე შეიძლება. ლექსი, რომელიც ჩემი თხოვნით დაწერა, ასე იწყება: „ლალი, ლალი, ჩემო ლალი, /რაო, ჩემო მანანა?/ ეს თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა?..“ არადა, ბევრს ეგონა, რომ ის თავის ქალიშვილს მანანას მიუძღვნა. სხვათა შორის, მის ქალიშვილთან დღემდე ვმეგობრობ. მას ყველგან ბოდიშის მოხდა უწევდა ამ ფაქტის გამო და ყველგან იმეორებს, რომ ამ ლექსის ადრესატი და, შეიძლება ითქვას, „დამკვეთიც“ მე ვარ.
- რამდენი წლის იყავით მაშინ და როგორ მოხდა ეს ამბავი?
- ეს ლექსი რომ დაიწერა, ოთხი წლის ვიყავი. ამ ლექსში ნახსენები ლალი გიგაური, რომელიც ერთი წლითაა ჩემზე უფროსი, ბავშვობის მეგობარია. ახლა მოგიყვებით ეს ამბავი როგორ მოხდა. ნოდარ დუმბაძე ჩვენთან იყო სტუმრად, მე მივსულვარ მასთან და სასაცილოდ მითქვამს, ნოდარ დუმბაძე ბიძია, ერთი ლექსი დამიწერე-მეთქი. მახსოვს, ჩემ თხოვნაზე გარშემო ხალხს გაეცინა. ბატონმა ნოდარმა კი მკითხა, რა ჰქვია შენს მეგობარსო. მე ვუპასუხე, ლალი–მეთქი.
- გახსოვთ რატომ გაგიჩნდათ ასეთი თხოვნა?
- მე და ლალი გოგუცა კუპრაშვილთან დავდიოდით მხატვრულ კითხვაზე, სადაც ლექსებს ვამბობდით და აქედან გამომდინარე ვთხოვე, რომ ჩემთვის და ლალისთვის ლექსი დაეწერა. ჰოდა, „ნოდარ დუმბაძე ბიძიამ“ ძალიან კარგი საჩუქარი გამიკეთა და ერთ კვირაში ეს ლექსი მომართვა. სხვათა შორის, მისი ხელნაწერიც მაქვს შენახული. რაც შეეხება გოგუცა კუპრაშვილს, ეს უნიკალური ადამიანი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადამკვდარი იყო ბავშვებზე. რკინიგზელთა სახლში მხატვრულ კითხვას გვასწავლიდა და იქ არა მგონია, დიდი ხელფასი ყოფილიყო.
- თეატრალურ ინსტიტუტში როგორ აღმოჩნდით?
- მაშინ თეატრალურში კონკურსი იყო გამოცხადებული და როცა საბუთები შევიტანე, პირველი, ვინც მიმიღო, რასაკვირველია, თეატრალურის რექტორი ეთერ გუგუშვილი იყო. სანამ მას შევხვდებოდი, მასზე ტელევიზიიდან სულ სხვაგვარი შთაბეჭდილება მქონდა, მაგრამ მისგან რომ წამოვედი, მასზე ლამაზი ქალი ჩემთვის არ არსებობდა. მისი მწვანე თვალებით სრულიად მოვიხიბლე. მადლობელი ვარ ცხოვრების, რომ ამ ადამიანს შემახვედრა.
- იმ დროს თეატრალურში ბევრი ცნობილი რეჟისორი იყო...
- დიახ, თეატრალურში მუშაობის დროს ვინც კი კარგი რეჟისორი იყო, ყველა ჩვენ გარშემო ტრიალებდა: გიზო ჟორდანია, მიხეილ თუმანიშვილი, დოდო ალექსიძე, ლილი იოსელიანი, რომელი ერთი ჩამოვთვალო... მახსოვს, მიშა თუმანიშვილი ძალიან თავშეკავებული ადამიანი იყო, მაგრამ როცა დაელაპარაკებოდი, მისგან ისეთი სითბო და ენერგია მოდიოდა, ვერ წარმოიდგენთ. დოდო ალექსიძე – ჩუხჩუხა კაცი და ადამიანი–ფეიერვერკი. მის მოსმენას არაფერი ჯობდა, უაღრესად განათლებული იყო. ამ ხალხთან ურთიერთობა მართლა დიდი ბედნიერება იყო...
ნინო მამულაშვილი