თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის“ ფარგლებში საგადასახადო ადმინისტრაციათა თანამშრომლობის BRITACOF-ის მეოთხე წლიურ კონფერენციას მასპინძლობს.
BRITACOF – „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების ასამდე საგადასახადო ადმინისტრაციის გაერთიანებას წარმოადგენს, რომლის მრჩეველთა საბჭოს წევრები წამყვანი საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები არიან. კონფერენცია წელიწადში ერთხელ იმართება და მას BRITACOF-ის პრეზიდენტი ქვეყნის ადმინისტრაცია მასპინძლობს.
2023 წელს ღონისძიების მასპინძლობის წყალობით საქართველოს ავტომატურად მიენიჭა პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი, ხოლო შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კანკავა აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს საგადასახადო ადმინისტრაციების დღის წესრიგში მდგარ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საგადასახადო გარემოს გაუმჯობესება, ადმინისტრირების პროცესის გამჭვირვალობა და საგადასახადო წნეხის შემცირება, ასევე კანონშესაბამისობის გაუმჯობესება, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, ბიზნესთან აქტიური დიალოგი და სხვ.
12 სექტემბერს ადმინისტრაციული სესია გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ხუციშვილმა ხაზი გაუსვა სესიის მნიშვნელობას BRITACOF-ის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით და აღნიშნა, რომ საგადასახადო სფეროში ინფორმაციის გაზიარებისა და თანამშრომლობის ამ პლატფორმამ შესაძლოა მომავალში თავისი უნიკალური როლი შეასრულოს საერთაშორისო საგადასახადო დღის წესრიგის განხორციელებაში.
ღონისძიება ,,სარტყელი და გზის ინიციატივა“ საკმაოდ მაღალი დონის პლატფორმაა და გამოცდილების გაზიარების, პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს. ფორუმის მიზანია BRITACOF-ის წევრ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყოველწლიურ კონფერენციას 11-13 სექტემბრის პერიოდში ატარებს.