ხმაურის საფრთხე: რა ზიანი ადგება ორსულსა და ნაყოფს - მეცნიერების დასკვნა

Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი − Sputnik. ხმამაღალმა ბგერებმა შეიძლება არა მარტო ორსული ქალის, არამედ ნაყოფის მდგომარეობაზეც ნეგატიურად იმოქმედოს, აცხადებენ აშშ-ის ლიჰაის უნივერსიტეტისა და ლაფაიეტის კოლეჯის მეცნიერები. მათი კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Science Direct.
ამ დასკვნამდე მკვლევარები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 2004-დან 2016 წლამდე დაბადებული ბავშვების შესახებ არსებული უნიკალური ჩანაწერები შეისწავლეს. ეს ჩანაწერები შეიცავდა დედების საცხოვრებელ მისამართებს და ასევე მონაცემებს ადგილზე ტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შესახებ.
შედეგად გაირკვა, რომ:
დედებში, რომლებიც ხმაურიან რაიონებში, მაგალითად, აეროპორტის მახლობლად ცხოვრობენ, 22%-ით მაღალია რისკი, რომ არასაკმარისი წონის ბავშვი გააჩინონ. ამან კი შეიძლება შემდგომში ბავშვის ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედოს.
მსგავსი პრობლემები იმ ქალებშიც შეინიშნებოდა, რომლებიც ორსულობის დროს ხშირად სტუმრობდნენ ხმაურიან წვეულებებს. ასეთი ქალები ხშირად აჩენდნენ დღენაკლულ ბავშვებს.
სწავლულებს იმედი აქვთ, რომ მათი კვლევა ადამიანებს დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რაოდენ მავნებელი შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის ხმამაღალი ბგერების ზემოქმედება და, ამასთან, დააჩქარებს ქალაქებში ზედმეტი ხმაურის პრობლემის გადაწყვეტას.
ამასთან, მკვლევართა აზრით, მათ მიერ მიღებული ცნობები ადასტურებს თვითმფრინავების ფრენების სქემების ოპტიმიზაციის აუცილებლობას, რათა ასაფრენ ზოლზე დაჯდომისას და აფრენისას გამოცემულმა ხმებმა მინიმალური ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.