მსოფლიო დღეს

FT: ნატო სამხედრო წვრთნებზე რუსეთის ევროპაში შეჭრის სცენარს დაამუშავებს

Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი − Sputnik. ნატო 2024 წლის გაზაფხულზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების Steadfast Defender-ის („მტკიცე დამცველი") ჩატარებას გეგმავს, რომელიც ყველაზე მასშტაბური იქნება ცივი ომის შემდეგ, და რომლის ფარგლებშიც ნატოს ძალები „რუსეთის მხრიდან თავდასხმის" სცენარს დაამუშავებენ, იუწყება Financial Times (FT).
როგორც FT წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წვრთნები გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მომავალი წლის თებერვალსა და მარტში გაიმართება.
წინასწარი გეგმის თანახმად, მათში მონაწილეობა უნდა მიიღონ ნატოს 31 სახელმწიფოს სამხედროებმა, ასევე შვედეთის არმიის წარმომადგენლებმა, რომელიც ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.
წვრთნების სცენარია ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის თავიდან აცილება. როგორც FT წერს, წვრთნები ალიანსის ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დემონსტრირებაა რუსეთთან პოტენციური სამხედრო კონფლიქტისათვის.
წყაროები განმარტავენ, რომ წვრთნებში შეიძლება დაახლოებით 41 ათასი სამხედრო მოსამსახურე და არანაკლებ 50 ხომალდი იყოს ჩართული. ნატოს სამხედრო წვრთნების დროს საჰაერო ბრძოლის 500-700 ამოცანა შესრულდება.
ალიანსის ხელმძღვანელობას ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია ინფორმაცია სწავლების ჩატარების შესახებ.