თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik დღე, როდესაც აშშ-ში ტერაქტი მოხდა, არის შეხსენება უდანაშაულო ადამიანებზე ტერორიზმის დამანგრეველ ეფექტზე, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
„დღეს, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს ვიხსენებთ, თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაეღუპათ და დიდებულ ამერიკელ ერს ვუცხადებთ სოლიდარობას. ამ დღეს ცხადად გვახსენდება უდანაშაულო ადამიანებზე ტერორიზმის დამანგრეველი ეფექტი”, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა.
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცა და კურსი ყველაზე ხალხმრავალი ადგილებისკენ აიღეს.
ორი ლაინერი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, კიდევ ერთი - ვაშინგტონში პენტაგონის დასავლეთ ფრთას, მეოთხე კი პიტსბურგთან ჩამოვარდა.
11 სექტემბრის ტრაგედია გახდა ყველაზე მასშტაბური ტერაქტი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში. ოფოციალური მონაცემებით, ნიუ-იორკში დაიღუპა 2749 ადამიანი, ვაშინგტონში - 189, პენსილვანიაში - 44. ოთხი ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.