რა მოხდება, თუ საქართველო ანტირუსულ სანქციებს შეუერთდება

Sputnik
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.
2023 წლის იანვარი-ივლისში კი მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 7,2% შეადგინა.
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი პირველ სამეულში შედის.
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023 წლის იანვარი–მაისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38,4%-ით გაიზარდა და 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 33,8%-ით გაიზარდა. მათ შორის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი აღნიშნულ პერიოდში თითქმის 5,5-ჯერ გაიზარდა და დარგის ბრუნვამ 41,4 მლნ დოლარს მიაღწია.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.