თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. მაროკოში დამანგრეველ მიწისძვრას 2 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2 ათასზე მეტი კი დაშავდა, იუწყება რია ნოვოსტი გაზეთ Hespress-ზე დაყრდნობით, რომელსაც სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები მოჰყავს.
ხმელთაშუა ზღვის ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ინფორმაციით, 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მარაქეშიდან 80 კილომეტრში მოხდა. მაროკოს ეროვნული გეოფიზიკური ინსტიტუტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნასერ ჯაბურის თქმით, ეს არის ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა ქვეყანაში ბოლო 100 წლის განმავლობაში.
„დაღუპულთა რიცხვი 2012-მდე გაიზარდა, 2059 დაშავდა, მათგან 1404 სერიოზულად არის დაშავებული“, - ნათქვამია გაზეთში.
მაროკოს რამდენიმე დაზარალებულ რეგიონს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა აქვს.
მაროკოს მეფემ მუჰამედ VI-მ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, მაროკოში ეროვნული დროშები დაუშვეს.