„იმედგაცრუებული ვარ“ - ლევან მაისაშვილი ავსტრალიასთან მატჩის შესახებ

მაისაშვილმა განაცხადა, რომ მომდევნო მატჩამდე ანალიზს გააკეთებს
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ავსტრალიასთან მატჩში დაშვებული შეცდომების გამო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კარგი მომენტები ვერ გამოიყენა, რაც გულდასაწყვეტია, განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პარიზში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის სადებიუტო მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ავსტრალიასთან ანგარიშით 15:35 დამარცხდა. თამაში პარიზის სენტ-დენის გარეუბანში, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართა.
„სამწუხაროდ, შეცდომების გამო რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც იმედგაცრუებული ვარ“, - აღიარა მაისაშვილმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველებს ძლიერ მეტოქესთან მოუწიათ თამაში.
„ეს ამ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების პირველი თამაში იყო, ძლიერი მეტოქე გვყავდა და რთული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და საკუთარი თავი წნეხში მოვაქციეთ. მეორე ნახევარში ვითარების გამოსწორება ვცადეთ და თამაშის ხარისხიც გავაუმჯობესეთ“, - განაცხადა მაისაშვილმა.
საქართველო-ავსტრალია
მაგრამ, აღნიშნა მწვრთნელმა, ჯერ კიდევ რჩება დრო, რომ ნაკრებმა ყველაფერი გაანალიზოს და მომდევნო თამაშისთვის გაითვალისწინოს.
„მომდევნო თამაშამდე დრო გვაქვს, გავაანალიზებთ განვლილ შეხვედრას და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“, - აღნიშნა მაისაშვილმა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
საქართველო-ავსტრალია
მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში (Rugby World Cup 2023) 2023 წლის 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ერთ ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და პორტუგალიასთან ითამაშებს. ქვეყნის ათ ქალაქში 48 მატჩი გაიმართება.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:
23 სექტემბერი - საქართველო - პორტუგალია
30 სექტემბერი - ფიჯი - საქართველო
7 ოქტომბერი - უელსი - საქართველო.