თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა მოსახლეობას მოუწოდა სიფრთხილისკენ მოსალოდნელი ძლიერი წვიმების გამო.
„9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც „112“-მა ყველა აბონენტს დაუგზავნა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა ნავარაუდევი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, მაღალმთიან რეგიონებში კი შესაძლებელია თოვლჭყაპიც.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.