მიმოხილვა: რას მიაღწიეს რუსეთმა და თურქეთმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად

Sputnik
ვადიმ პავლოვი
ოთხშაბათს საღამოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას 1 მილიონი ტონა მარცვლეულის უღარიბესი ქვეყნებისთვის მიწოდების შესახებ. ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში გამართული უმაღლესი დონის მოლაპარაკებების შედეგია.
ამ კვირაში სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკებები გაიმართა. რამდენიმე დღით ადრე მოსკოვში მოლაპარაკებები გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს — სერგეი ლავროვსა და ჰაკან ფიდანს შორის. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერრიშმა სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნა, რომელშიც „მარცვლეულის გარიგების" აღდგენის კონკრეტული წინადადებები იყო შესული. ეს წინადადებები, როგორც მედია იუწყება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ თურქეთთან ერთად მოამზადა.

ღარიბი ქვეყნები რუსულ მარცვლეულს მიიღებენ

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ მიღწეულია პრინციპული შეთანხმება რუსეთიდან თურქეთში 1 მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სოჭში გამართული მოლაპარაკებების შედეგად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, თურქეთთან და კატართან ერთად მიაწოდოს გაჭირვებულ ქვეყნებს მარცვლეული. რუსეთის ლიდერის მიერ გაჟღერებული ინიციატივის თანახმად, რუსული მარცვლეული გადამამუშავებლად თურქეთის ფქვილის საამქროებში გაიგზავნება, საიდანაც წარმოებული ფქვილი უფასოდ გაიგზავნება ღარიბ ქვეყნებში.
კატარი ფინანსურად შეუწყობს ხელს ამ ინიციატივას, რათა თურქეთისთვის მარცვლეულის შეღავათიანი ფასი და უღარიბესი ქვეყნებისთვის უფასო მიწოდება უზრუნველყოს.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ალექსანდრ კარავაევის აზრით, რუსული მარცვლეულის გადამუშავების საკითხში თურქეთის შუამავლობის აუცილებლობა ნაწილობრივ პოლიტიკური კომპრომისითაა განპირობებული, ნაწილობრივ კი — ფქვილის ბაზართან დაკავშირებული ეკონომიკური რეალობებით.
„კრასნოდარის მხარეში და რუსეთის სხვა რეგიონებში, რომლებიც შავი ზღვის პორტებს ესაზღვრებიან, ფქვილის საწარმოების დეფიციტია. ეს საკითხი ფქვილის მოხმარებისა და ექსპორტის შიდა ბალანსის სიბრტყეში ინაცვლებს. მილიონი ტონა მარცვლეული, რომელიც უნდა დაიფქვას და ექსპორტზე გაიგზავნოს, დამატებითი დატვირთვაა ამ რეგიონებში არსებული სიმძლავრეებისთვის“, — ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, კატარის ჩართვა ინიციატივაში რუსეთს საშუალებას აძლევს, არ აიღოს ზედმეტი ვალდებულებები, რამაც შეიძლება გაართულოს სიტუაცია ფქვილის შიდარუსულ ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს რუსეთმა დაახლოებით 881 ათასი ტონა ხორბლის და ხორბლის ფქვილის ექსპორტი განახორციელა. 1 მილიონი ტონა მარცვლეულიდან, რომელიც მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაიგზავნება თურქეთში, საშუალოდ 550-750 ათასი ტონა ფქვილი იქნება წარმოებული.
„ამგვარად, რუსეთი იხსნის მთელ რიგ ვალდებულებებს, რომლებიც საშუალოვადიან პერსპექტივაში რაღაც ნეგატიურ როლს ითამაშებდა, ხოლო თურქეთი პოლიტიკურ და ორგანიზაციულ ბონუსებს იღებს. ანკარა შეძლებს კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს თავისი ამბიციები ძირითადი ნედლეულისა და მნიშვნელოვანი აგრარული საქონლის მიტანის ჰაბების ორგანიზების სფეროში“, — განაცხადა ალექსანდრ კარავაევმა.
ექსპერტის აზრით, რუსეთს შეუძლია საკუთარი საწარმოების მიერ წარმოებული ფქვილი უფრო მომგებიან ბაზრებზე გაიტანოს ექსპორტზე, სადაც უფრო მეტ ფულს გადაიხდიან.
„იმავე აფრიკული ქვეყნებიდან, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეგვიპტე, რომელიც მარცვლეულის დიდი რეგიონული ჰაბია“, — თქვა მან.

„მარცვლეულის გარიგების“ პერსპექტივები

„მარცვლეულის გარიგების" მოქმედება 18 ივლისიდან შეწყდა. ეს არის პაკეტური შეთანხმება, რომელიც უკრაინიდან სასურსათო ტვირთების უსაფრთხოდ გატანასა და გაეროს ხელშეწყობას გულისხმობდა რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში.
რუსეთი გავიდა ამ გარიგებიდან, რადგან თითქმის ერთი წლის განმავლობაში მისი მეორე ნაწილი, რომელიც რუსულ ექსპორტს ეხებოდა, არ შესრულებულა, ხოლო დასავლეთის მიერ გამოცხადებული ინიციატივის მთავარი მიზანი — ღარიბი ქვეყნებისთვის მარცვლეულის მიწოდება — არ სრულდებოდა.
ამასთან, როგორც სოჭში მოლაპარაკებების დროს აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა, მოსკოვი მზადაა დაბრუნდეს „მარცვლეულის გარიგებას", როგორც კი რუსეთისთვის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა დაკმაყოფილდება.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სერგეი ლავროვს შეთავაზებები გაუგზავნა მარცვლეულის გარიგების განახლების შესახებ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გაეროს წინადადებების ახალ პაკეტში შედის „როსსელხოზბანკის" შვილობილი ბანკის SWIFT-თან კვლავ მიერთება, რუსული სასუქების მწარმოებლების აქტივების განბლოკვა ევროპაში, სადაზღვევო პლატფორმის შექმნა და რუსული გემების ევროპულ პორტებში შესვლის უზრუნველყოფა.
„ამის სანაცვლოდ, რუსეთის მხრიდან მოითხოვენ შავი ზღვის ინიციატივის დაუყოვნებლივ და სრულფასოვანი აღდგენის გარანტიებს“ — აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსული უწყების განცხადების თანახმად, ეს წინადადებები უშინაარსოა, ვინაიდან მხოლოდ მუშაობის ილუზიას ახდენს და რუსული კომპანიებისთვის სანქციების მოხსნას, რომლებიც სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით არიან დაკავებულები, არ ემსახურება.
„რუსეთმა და თურქეთმა „შავი ზღვის ინიციატივა" ახალი ფორმულით შეცვალეს, რა დროსაც რუსული მარცვლეული უკვე თურქეთის საფქვავ კომბინატებში გაიგზავნება აფრიკის მოსამარაგებლად. მნიშვნელოვანია, რომ ფაქტობრივად შენარჩუნებულია იმ მიწოდების მოცულობა, რომელიც ხორციელდებოდა მარცვლეულის გარიგების ფარგლებში აფრიკის ღარიბ ქვეყნებში — დაახლოებით 1 მილიონი ტონა. ოღონდ ახლა ეს მარცვლეული უკრაინული კი არა, რუსულია და ინიციატივა კატარის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება“, — განაცხადა ალექსანდრ კარავაევმა.
ეკონომიკის ექსპერტ ანდრეი პოლტარიხინის აზრით, რუსეთს დღეს საერთო ჯამში ისე არ სჭირდება „მარცვლეულის გარიგება", როგორც უკრაინასა და დასავლეთის ქვეყნებს.
მისი თქმით, წელს რუსეთის ფედერაციაში კვლავ მოსალოდნელია რეკორდულ მაჩვენებელთან მიახლოებული მოსავალი, რომელიც ზედიზედ მეორედ გადააჭარბებს 100 მილიონ ტონას.
„ჯერ კიდევ ცოტახ ნის წინ უკრაინას მარცვლეული სამი მარშრუტით გაჰქონდა ექსპორტზე: სტამბოლის გავლით, დუნაის პორტების გავლით, ასევე ევროპაში საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით. პირველი გზით ექსპორტი ამჟამად შეუძლებელია. მეორე მარშრუტიც უახლოეს მომავალში შეწყვეტს ფუნქციონირებას [ინფრასტრუქტურის განადგურების გამო]. დარჩა მესამე გზა: მოლდოვის გავლით, პოლონეთის გავლით და სხვა სახმელეთო გზებით ევროკავშირში. იქ კი თავისი სირთულეები აქვთ, რადგან ადგილობრივ ფერმერებს არ მოსწონთ იაფ უკრაინულ მარცვლეულთან კონკურენცია", —ამბობს ექსპერტი.

რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა

სოჭში გამართული მოლაპარაკებებისას, სურსათის საკითხების გარდა, ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ შეეხნენ თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის თემას. მათი თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მნიშვნელოვნად წინ წავიდა და მალე მისი ყველა პარამეტრის შეთანხმების საბოლოო ეტაპია მოსალოდნელი.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამჟამად დღის წესრიგში დგას ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც ყველა პრაქტიკულ საკითხს გადაწყვეტს.
ორი ქვეყნის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ახალი ჰაბი საშუალებას მისცემს მსოფლიო ენერგეტიკას, გახდეს უფრო სტაბილური და დაბალანსებული, ასევე გავლენას მოახდენს ენერგომატარებლების ფასზე და „გაამდიდრებს" რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს.
ორი ქვეყნის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში მხოლოდ გაზით არ შემოიფარგლება. ვლადიმირ პუტინის თქმით, „როსატომი“ განაგრძობს თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას. პირველი ენერგობლოკი შესაძლოა უკვე მომავალ წელს ამოქმედდეს.
როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთში მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი იგეგმება ქალაქ სინოპში. მასში ასევე იგეგმება რუსეთის ჩართვა.
„მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის ასეთი ნაბიჯიც იქნება ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით", — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნები მტკიცედ მიიწევენ $100 მილიარდიანი წლიური სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლისკენ, რაც „ძალიან სასიხარულოა". მისი თქმით, ახლა ეს მაჩვენებელი 62 მილიარდი დოლარია.
ამასთან, ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთგადახდებში ეროვნული ვალუტების გამოყენების ტენდენცია სულ უფრო მკვეთრად იკვეთება, მაშინ როდესაც დოლარისა და ევროს წილი თანმიმდევრულად მცირდება.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ამ პროცესის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების მოლაპარაკებები დაანონსეს ორმხრივი ვაჭრობის რუბლ-ლირაზე გადატანის დაჩქარების შესახებ.
რუსეთის ფინანსური უნივერსიტეტის გლობალური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ილინსკის აზრით, თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი სოჭში შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს დასავლეთის ქვეყნების რუსეთთან პოტენციური დაახლოებისთვის.
„თურქეთი, როგორც ნატო-ს წევრი და შავი ზღვის რეგიონთან გეოგრაფიულად დაკავშირებული ქვეყანა, ცდილობს გეოპოლიტიკური სარგებელი მიიღოს რუსეთსა და დასავლეთს შორის შუამავლობიდან და ჩამოყალიბებულ მრავალპოლურ სამყაროში გავლენიან რეგიონულ სახელმწიფოდ იქცეს", — მიიჩნევს ექსპერტი.
თუმცა, მისი დასკვნით, მთლიანობაში დასავლეთისა და რუსეთის ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში დაახლოება დამოკიდებული იქნება ფაქტორების რთულ კომბინაციაზე, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ ინტერესებს, გეოპოლიტიკურ გარემოს და ორივე მხარის მზაობას დიალოგისა და კომპრომისისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე