თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სატურაცია სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონეა, რომელიც სპეციალური მოწყობილობით – პულსოქსიმეტრით იზომება.
სატურაცია აჩვენებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, სისხლწარმოქმნის სისტემები. თუ პულსოქსიმეტრის მაჩვენებელი 95-ზე დაბალია, ე.ი. ორგანიზმს ჟანგბადი არ ჰყოფნის.
ექიმების განმარტებით, არსებობს სატურაციის დაბალი მაჩვენებლის სხვა მიზეზიც — სისხლს შესაძლოა ჰემოგლობინი აკლდეს და ორგანიზმი ამის გამო განიცდიდეს ჟანგბადის ნაკლებობას.
სატურაციის ნორმალური მაჩვენებელი დაბლობ ადგილებში მცხოვრებლებისთვის — 96-100%-ია, ხოლო მთის მოსახლეობისთვის ოდნავ დაბალი — 95-100%.
როცა ორგანიზმში სატურაცია იკლებს, ექიმების თქმით, ადამიანს:
არ ჰყოფნის ჰაერი,
ეუფლება ძილიანობა,
ხელებში სიცივის შეგრძნება უმძაფრდება,
უჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში,
გამუდმებით სუფთა ჰაერზე ყოფნა სურს,
უჭირს დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით მეტროში ყოფნა,
ეწყება ქოშინი,
შეინიშნება ცნობიერების აღრევა,
ეწყება თავის ტკივილი და სწრაფი გულისცემა.
პულსოქსიმეტრის მუშაობის პრინციპი
პულსოქსიმეტრს ორი სენსორი აქვს: ერთი მათგანი გარკვეული დიაპაზონის ინფრაწითელ გამოსხივებას გამოსცემს, მეორე კი თითში გამავალ სინათლეს იჭერს.
ეს სინათლე ჟანგბადით გაჯერებული ერითროციტებისგან ირეკლება და სწორედ მასზე დაყრდნობით შეიძლება სატურაციის დონეზე მსჯელობა.
სატურაციის სწორად გაზომვა
იმისათვის, რომ ზუსტი მონაცემები მივიღოთ, აუცილებელია ზოგი წესის დაცვა. პულსოქსიმეტრის მონაცემები შეიძლება ზუსტი არ იყოს, თუ:
ფრჩხილებზე გისვიათ ლაქი ან გაქვთ დაწებებული ფრჩხილები;
სატურაციის გაზომვისას ადამიანი მოძრაობს;
მოწყობილობის ახლოს ზედმეტად კაშკაშა სინათლის წყაროა (მაგალითად, სანათური);
წნევასა და სატურაციას ერთდროულად იზომავთ;
თითები ნოტიო ან ცივი (გაყინული) გაქვთ.
ამასთან სპეციალისტები განმარტავენ, რომ თითის კანი, რომელზეც იზომავთ სატურაციას, არ უნდა იყოს გაჭრილი, მით უმეტეს, კოჟრიანი.
თუ ადამიანს ერთ თითზე სატურაციის დონე 93-94% აქვს, უკეთესი იქნება, თუ მას სხვა თითებზეც გაიზომავს და მონაცემებს ერთმანეთს შეადარებს. კრიტიკული მაჩვენებელი — 90%-ზე დაბალი მაჩვენებელია.