ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი თბილისში 7 სექტემბერს ჩამოვიდა. ვიზიტის პირველივე დღეს მან პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება, ხოლო საქართველოს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს გასაკეთებელი.
მისი თქმით, „ევროკავშირის წევრობა სერიოზული ვალდებულებაა".
პარასკევს, 8 სექტემბერს ბორელმა შეხვედრები გამართა ჯერ პარლამენტში, ხოლო მოგვიანებით — საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რის შემდეგაც პრესკონფერენცია ჩატარდა. საუბრის მთავარი თემა იყო ის, თუ რა გააკეთა საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და რაზე უნდა იმუშაოს შემდგომში.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოხატა მზადყოფნა, მისცეს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ევროკავშირში შესასვლელად, როგორც კი 12 პირობა შესრულდება.
ევროკომისია ევროსაბჭოსთვის რეკომენდაციებს ოქტომბერში მოამზადებს. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხზე გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ამისათვის საჭიროა ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ლიდერების თანხმობა.
ჟოზეპ ბორელის პოზიცია
„12 პრიორიტეტულ მიმართულებაში ამოცანები კარგად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული. ივნისიდან საქართველომ სამი მათგანი შეასრულა, დანარჩენი ცხრა კი — პროცესშია. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შესასრულებლად დრო", — განაცხადა ბორელმა პრესკონფერენციაზე.
ევროკომისიის 2023 წლის ივნისის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი პირობა: გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება; საქართველოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი რეკომენდაცია, ერთ პუნქტში მიღწეულია შეზღუდული პროგრესი და კიდევ ერთ პუნქტში, კერძოდ, მედიის პლურალიზმის მიმართულებით და მედიის მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის პროცედურების მიმართულებით არანაირი პროგრესი არ შეინიშნება.
„უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს პოლიტიკური ლანდშაფტის დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლოს სისტემის და საარჩევნო სისტემის რეფორმა, უნდა იყოს მედიაპლურალიზმი და დაცული ადამიანის უფლებები“, — განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, „ამის მისაღწევად მოკლე გზა არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და ევროკავშირის ფასეულობების მკაფიო ერთგულება“.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და კონკრეტიკას ელოდება სამი რეკომენდაციის — დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ მოკლე პეროდში საქართველომ იმის მაქსიმუმი გააკეთა, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო.
„ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, რომ სამი რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული. დანარჩენზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ჩვენი მხრიდან. არსებობს მოსაზრება, რომ ცხრა რეკომენდაცია არის ნაწილობრივ შესრულებული, რამდენიმე არის დარჩენილი. მე გამოვყოფდი სამ რეკომენდაციას, რომელზეც ახლა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პირველი არის დეპოლარიზაცია — რა თქმა უნდა, ოპოზიციის აქტიური ჩართულობა გვჭირდება; მეორე არის დეოლიგარქიზაცია — რაზეც ძალიან მალე, ერთ-ორ კვირაში დავასრულებთ მუშაობას და სამოქმედო გეგმას, ხედვას წარვადგენთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში; მესამე არის სასამართლო რეფორმა. ძალიან ბევრი რამ შესრულდა, ველოდებით რეკომენდაციებს ვენეციის კომისიისგან და ამის შემდეგ მოხდება ამ რეკომენდაციის სრულად შესრულებაც“, — აღნიშნა პრემიერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მანამდე მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული და პარლამენტში ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" ევროკავშირმა და ვენეციის კომისიამ დაიწუნეს. აღინიშნა, რომ ოლიგარქიული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში საჭიროა სისტემური და არა პერსონალური მიდგომა. მაშინ ხელისუფლებამ მოითხოვა განმარტება, თუ რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად.
პრემიერის თქმით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პირობების შესასრულებლად. ოქტომბერში ქვეყანა ევროპის საბჭოს კონსტიტუციური სამართლის საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება. გარდა ამისა, გაიმართება კონსულტაციები ევროკავშირთან და ცვლილებები მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული.
ღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ „ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას — დააკმაყოფილებს საქართველოს განაცხადს წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე.
„ჩვენ სხვას არაფერს ვითხოვთ, ჩვენ არასდროს მოგვითხოვია იმაზე მეტი, ვიდრე ვიმსახურებთ, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას“, — აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, გასულ წელს უკრაინამ და მოლდოვამ „ბონუსად მიიღეს სტატუსი“, ანუ მათ ჯერ სტატუსი მისცეს „ავანსად“, რეკომენდაციების შესრულება კი სამომავლოდ დაევალათ.
„ჩვენ შემთხვევაში იყო პირიქით. ჩვენ გვითხრეს, რომ ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და შემდეგ მოგცემთ ამ ავანსს თუ სტატუსსო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის საკმაოდ სამწუხარო იყო. ვფიქრობთ, ეს იყო უსამართლო, რადგან საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით, ბოლო ათ წელიწადში“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო და არის მოწინავე ქვეყანა „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის, როგორც მედიათავისუფლების, ისე ადამიანის უფლებების, ანტიკორუფციული პოლიტიკის, სასამართლოს რეფორმის, ეკონომიკის განვითარების, სოციალური პოლიტიკისა თუ მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით.
„ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე. ამიტომ დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ქვეყანას წაახალისებს. <...> ვიმედოვნებ, ოქტომბერში იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.