საშიში პროდუქცია: კეტჩუპის ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს კეტჩუპ PRIMO-ს აღნიშნული პარტია.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კეტჩუპ PRIMO-ს ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით სურსათის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კეტჩუპ PRIMO-ს ნიმუშში (დამამზადებელი შპს „სანფუდი“, სომხეთი) <...> აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I გამოვლინდა“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ინსპექტორებმა ინდივიდუალურ მეწარმე „გაგიკ კობალიანს“ სურსათის რეალიზაცია აუკრძალეს და დაავალეს, უმოკლეს ვადაში გამოითხოვოს აღნიშნული პროდუქტი ბაზრიდან.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს კეტჩუპ PRIMO-ს ზემოაღნიშნული პარტია.
სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზოსაღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.