თბილისი, 7 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას და დაემორჩილოს მთავრობის აკრძალვას ვიზიტების განხორციელებაზე.
ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე 31 აგვისტოს დაიწყო, 1 სექტემბერს კი მმართველმა პარტიამ მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
„მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მე მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ის თავს ვალდებულად მიიჩნევს დაიცვას კონსტიტუციის ის ნორმა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტმა უნდა გააკეთოს მაქსიმუმი ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროპაში ვიზიტების დაგეგმვისას იყენებს საკუთარ კონტაქტებს და სახსრებს, რომ მის მიმართ ლიდერების კარგი განწყობა განპირობებულია ქართველი ხალხის ნებით.
მან აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია ხალხის ნება და არა ხელისუფლების.
„მინდა, მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგან მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის მომხრე, საქართველოს ეროვნული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასობაში კი მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვისთვის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების 80 ხელმოწერა უკვე შეაგროვა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ“.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 83 მანდატი აქვს.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია, „ქართული ოცნებას" კი ოპოზიციის იმედი არ აქვს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი და „რადიკალური ოპოზიცია" ერთ მხარეს არიან.