მსოფლიო დღეს

CNN: ილონ მასკმა უკრაინას რუსეთის ფლოტზე თავდასხმის საშუალება არ მისცა

Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კორპორაცია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა გასულ წელს ფარული განკარგულებით გაათიშინა თანამგზავრული კავშირი Starlink ყირიმის ტერიტორიაზე, რითაც უკრაინას სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე დრონებით თავდასხმის საშუალება მოუსპო, იუწყება ტელეკომპანია CNN.
ტელეკომპანია ეყრდნობა ამონარიდებს უოლტერ აიზეკსონის ბიოგრაფიული წიგნიდან ილონ მასკის შესახებ, რომლის გაყიდვა აშშ-ში 12 სექტემბერს დაიწყება.
როგორც CNN-ის ხელთ არსებული მონაკვეთებიდან ირკვევა, Starlink-ის გათიშვის შემდეგ მართვადაკარგული უკრაინული საზღვაო დრონები წყალში ჩაცვივდა, რის შემდეგაც ნაპირზე გაირიყა — სამიზნეებისთვის ზიანის მიუყენებლად.
ზუსტად როდის მოხდა ეს, CNN-ის პუბლიკაციაში ნათქვამი არ არის. უცნობია აგრეთვე, დასახელებულია თუ არა წიგნში მოვლენის სავარაუდო თარიღი.
როგორც წიგნის ავტორი ამტკიცებს, ილონ მასკმა თავისი კომპანიის ინჟინრებს Starlink-ის გათიშვა იმიტომ უბრძანა, რომ შიშობდა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე მასირებულ შეტევაზე მოსკოვს ბირთვული დარტყმით არ ეპასუხა. წიგნის თანახმად, მასკს, რუს მაღალჩინოსნებთან საუბრის შემდეგ, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს შესაძლებელი იყო.
აიზეკსონის ვერსიით, უკრაინელები ცდილობდნენ გადაერწმუნებინათ ამერიკელი მილიარდერი, მაგრამ ის თავის აზრზე დარჩა.

„Starlink იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებმა Netflix-ის ყურება შეძლონ, მოდუნდნენ, შევიდნენ ინტერნეტში სკოლებიდან, მშვიდობიანი საქმეებით დაკავდნენ, და არა იმისთვის, რომ დრონებით თავდასხმები მოაწყონ“, — ციტირებს აიზეკსონი თითქოსდა ილონ მასკის სიტყვებს.

მოგვიანებით CNN-ის პუბლიკაციას თავად ილონ მასკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ SpaceX-ს Starlink არ გაუთიშავს, ვინაიდან, მისი თქმით, ყირიმში ეს სისტემა ისედაც არ მუშაობდა.