თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის გამო, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
„ჩვენ ძალზე ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას“, – განაცხადა ბორელმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო გარკვეული ვალდებულებები და სურს ევროკავშირის წევრობა, მაგრამ, მისი თქმით, ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულებაა გასაუმჯობესებელი.
„ჩვენ გვჭირდება აღვკვეთოთ რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, სტაბილურობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანაში ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს და იყოს თავისუფალი ინფორმაცია“, – განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.
ბორელის თქმით, ინფორმაციის მიწოდება ამ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია.
მანამდე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილია და არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან პოლიტიკურ ურთიერთობასთან.
როგორც ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, ისინი მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგანაც ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.