მსოფლიო დღეს

ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს

Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თუ უკრაინისთვის საარბიტრაჟო სასამართლოებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში ბრძოლა გახდება საჭირო, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ მათ, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტისადმი ვიდეომიმართვაში, რომელიც რუმინეთში გაიმართა.
ასე გამოეხმაურა ზელენსკი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე ემბარგოს შესაძლო გახანგრძლივებას ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანაში, რომელსაც ვადა 15 სექტემბერს ეწურება.

„უკრაინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენი მარცვლეულის ექსპორტის ნებისმიერ შემდგომ შეზღუდვას! <...> უკრაინა იბრძვის სიცოცხლისთვის და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისათვის ბრძოლის ველზე <...> მაგრამ თუ უკრაინისა და ჩვენი საერთო ევროპის საფუძვლებისთვის არბიტრაჟში ბრძოლა დაგვჭირდება, არბიტრაჟშიც ვიბრძოლებთ, თუმცა ეს არ გვინდა. თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოედნებზე ბრძოლა იქნება საჭირო, იქაც ვიბრძოლებთ“, — მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამიტის მონაწილეებს.

მისი თქმით, უკრაინული მარცვლეული „არცთუ ცუდი შემოსავლის წყარო“ გახდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც მის გადამუშავებაში, ლოგისტიკასა და ტრანზიტში არიან ჩართული. და ეს მაშინ, როდესაც „კონკრეტულად უკრაინის სეგმენტი“ იბრძვის არა შემოსავლებისთვის, არამედ „რუსული ტერორის პირობებში“ გადარჩენისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა სამიტის მონაწილეებს, შეასრულონ დაპირება და არ აქციონ უკრაინა ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სამიზნედ.
„ცალკე მინდა მივმართო ევროკომისიას. ევროპის საფუძველი — თავისუფალი კონკურენცია და დაპირებების შესრულებაა. უკრაინა ასრულებს თავის დაპირებებს და არასდროს უშლის ხელს თავისუფალ კონკურენციას. მაგრამ ჩვენ ვერ ვუყურებთ მშვიდად ჩვენთვის მოცემული დაპირებების, ასოციაციის შესახებ შეთანხმებების, თავისუფალი ბაზრის პირობების დარღვევას… ევროპულმა ინსტიტუტებმა არ უნდა გაამრავლონ ევროპით იმედგაცრუება“, — აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე, მიმდინარე წლის აპრილში ევროკომისიამ ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანაში — ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ფერმერები ყველაზე მეტად დაზარალდნენ უკრაინულ საქონელზე ბაჟის გადახდის გაუქმებით გამოწვეული დემპინგური ფასებით.
მოგვიანებით აღნიშნულმა ქვეყნებმა ეს ზომები გააუქმეს ევროკომისიის გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომელიც ჯერ 5 ივნისამდე, შემდეგ კი 15 სექტემბრამდე ითვალისწინებდა უკრაინიდან ოთხი სახეობის მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების — ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის თესლის მიწოდებაზე ემბარგოს.
6 სექტემბერს პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა ევროპულ საკითხებში შიმონ შინკოვსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა მზად არის მიიღოს ცალმხრივი ზომები უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის შესახებ, თუ ევროკავშირი უარს იტყვის მათ გახანგრძლივებაზე.