თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თმის ცვენა მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს, თუმცა არსებობს საშუალება, რომელიც თმის პათოლოგიური ცვენის — ალოპეციის რისკს აქვეითებს და აჩერებს კიდეც, წერს Daily Express სპეციალისტებზე დაყრდნობით.
საუბარია ავოკადოს ზეთზე, რომელიც სამნაირად შეიძლება გამოიყენოთ პრობლემასთან ბრძოლისთვის.
ტრიქოლოგების თქმით, თმის ცვენა შეიძლება იყოს დაბერების პროცესის ბუნებრივი ნაწილი — ამაში სანერვიულო არაფერია. თუმცა ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის სხვადასხვა მდგომარეობით: სტრესით, წონის კლებით ან, თუნდაც, რკინის დეფიციტით.
როგორც NHS-ის (ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია) სპეციალისტები ამბობენ, არსებობს შინ მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც შეიძლება ალოპეციის შეჩერებაში დაგეხმაროთ. თმის ზრდის სტიმულირების ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად ისინი ავოკადოს ზეთის გამოყენებას ასახელებენ.
ავოკადოს ზეთი სავსეა ნუტრიენტებით, რომლებიც აუმჯობესებს თმის მდგომარეობას. მიიჩნევა, რომ ავოკადოს ზეთი პოხავს თმის ფოლიკულებს და იცავს მათ მსხვრევადობისგან.
ზეთი თმას ფარავს ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ტენით და ბუნებრივ ბარიერს უქმნის გარემოს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თმას.
როგორ გამოვიყენოთ ავოკადოს ზეთი
1.
წაისვით თავის კანზე ავოკადის ზეთი და გაიჩერეთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. უმჯობესია, თუ სულაც ძილის წინ წაისვამთ და მთელი ღამე დაიტოვებთ ნიღაბს თმებზე.2.
თუ სტრესი გაქვთ, ავოკადოს ზეთის გამოყენებით თავის მასაჟი შესანიშნავი გზაა პრობლემის მოსახსნელად. რბილი, ნაზი მოძრაობებით შეიზილეთ ზეთი პირდაპირ თავის კანში ისე, რომ რაც შეიძლება დიდი ზედაპირი მოიცვათ.3.
შეურიეთ ავოკადოს ზეთს როზმარინის ან პიტნის ზეთის რამდენიმე წვეთი, რომლებიც ასევე იცავს თმას ცვენისგან, და წაისვით თმაზე ნიღბის სახით.„ავოკადოს ზეთის ყოველდღიური გამოყენება თმის მოვლის პროცესში — საუკეთესო გზაა თმის სიმშრალის შესამცირებლად და მისი ტექსტურის გასაუმჯობესებლად — თმის ტიპის მიუხედავად“, — ამბობს ექიმი ჯოშ აქსი.
მისი თქმით, ავოკადოს ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ის ბუნებრივად ატენიანებს და აძლიერებს თმას, ხდის მას უფრო ჯანსაღსა და უფრო ბრწყინვალეს.
ამასთან სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ თმის ცვენა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება სხვა დაავადების მაუწყებელი ნიშანი იყოს. ამიტომ თუ ცვენა დაგეწყოთ და უკვე გამელოტება შენიშნეთ, სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ.
წყარო: Daily Express