თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია იწყებს ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება როგორც პროდუქციის, ასევე სხვადასხვა სფეროს მიმართულებით სერვისების შექმნა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
პროექტების განხორციელების პროცესში ახალგაზრდები დასაქმდებიან და ძირითადი მომხმარებლები თავადვე იქნებიან, განაცხადა მერმა.
პროგრამის მიზანია სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების რეალიზება, ასევე ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი დასაქმების ხელშეწყობა.
გარდა ამისა, პროგრამა ახალგაზრდებზე ორიენტირებული სერვისების შექმნის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.
პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 250 ათას ლარს შეადგენს, ხოლო თითოეული პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 ათას ლარს.
თბილისის მერის განცხადებით, პროექტების მიღება დაიწყება 6 სექტემბერს და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.