მსოფლიო დღეს

პლანეტას 5 ასტეროიდი უახლოვდება: NASA უახლოეს „ასტეროიდულ“ კალენდარს აქვეყნებს

Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. დედამიწას 12 სექტემბრამდე ხუთი ასტეროიდი ჩაუფრენს, რომელთაგან ერთი სახლის, ორი კი თვითმფრინავის ზომისაა, იუწყება აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA).
აღსანიშნავია, რომ პირველმა ასტეროიდმა, რომელსაც JA5 უწოდეს, 6 სექტემბერს უკვე ჩაუფრინა ჩვენს პლანეტას. მისი დედამიწასთან მოახლოების მაქსიმალური წერტილი 3.170.000 მლნ კმ-ზე გადიოდა.
ორი ასტეროიდი, რომელთაგან ერთი თვითმფრინავის ზომისაა, მეორე კი ავტობუსისა, 8 აგვისტოს ჩაუფრენს დედამიწას. მათი დედამიწასთან მოახლოების მაქსიმალური ზღვარი 1.020.000 კმ-ია.
10 სექტემბერს პლანეტას თვითმფრინავის ზომის კიდევ ერთი ასტეროიდი მოუახლოვდება (მაქსიმალური ზღვარი 2.530.000 კმ), ხოლო 12 სექტემბერს ბოლო — შედარებით მომცრო, ავტობუსის ზომის ასტეროიდი ჩაუფრენს (მაქსიმალური ზღვარი 3.560.000 კმ).
NASA ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ასტეროიდები პლანეტისთვის არც რეალურ და არც პოტენციურ საფრთხეს არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ დასაშვებზე ნაკლებ მანძილზე მოახლოვდებიან დედამიწას. საქმე ისაა, რომ პოტენციურად საშიში ციური სხეულების კატეგორიაში ის ასტეროიდები ხვდება, რომლებიც 7,4 მლნ კმ-ზე ნაკლებ მანძილზე უახლოვდებიან დედამიწას და ამასთან მათი ზომა 149 მეტრზე მეტი უნდა იყოს. აღნიშნულ ხუთ ობიექტს შორის კი მსგავსი ასტეროიდი არ არის.
წყარო: NASA