თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მდინარე მტკვარში მაშველები უკვე მეორე დღეა, წყალში ჩავარდნილ 13 წლის მოზარდს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ნიკოლოზ აბესაძე ავჭალის ტერიტორიაზე მეგობართან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი გაუცურდა და მტკვარში ჩავარდა. მოზარდის გადარჩენა თანატოლმა სცადა, თუმცა უშედეგოდ, ძლიერმა დინებამ ბავშვი წაიღო.
მომხდარის შესახებ „112“-ში შეტყობინება გუშინ, დღის სამი საათისთვის შევიდა. დახმარება მეთევზემ ითხოვა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით თევზაობდა, მამაკაცმა ბავშვების ყვირილი გაიგო, რომლებიც შველას ითხოვდნენ.
მაშველები არასრულწლოვანს ზაჰესიდან ორთაჭალჰესამდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც არიან ჩართული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 13 წლის მოზარდის საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.