მსოფლიო დღეს

დრონების შეტევა: ნატო ჯერ ვერ ადასტურებს, რომ რუსეთი განზრახ დაესხა თავს რუმინეთს

Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ნატოს არ გააჩნია არანაირი მინიშნება იმაზე, რომ რუმინეთში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნა ამ ქვეყანაზე რუსეთის განზრახ თავდასხმის შედეგი იყო, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, რომელიც რუსეთის მხრიდან განზრახ შეტევაზე მიანიშნებდა. ველოდებით გამოძიების შედეგებს, რომელიც ჯერ ისევ გრძელდება“, — აღნიშნა სტოლტენბერგმა.

თუმცა იქვე განმარტა, რომ ნატოს საზღვრების უშუალო სიახლოვეს რუსეთის მიერ განხორციელებული ავიაშეტევები ნებისმიერ შემთხვევაში არის რისკების შემცველი, ვინაიდან ეს ინციდენტებისა და ავარიების საფრთხეს ზრდის.
მანამდე, ორშაბათს კიევმა განაცხადა, რომ რუსეთმა ღამით უპილოტო „შაჰიდებით“ შეუტია უკრაინულ პორტებს — იზმაილსა და რენის, რის შედეგადაც დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. ბუქარესტი თავდაპირველად კატეგორიულად უარყოფდა ინციდენტს, თუმცა შემდეგ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ დუნაის ნაპირებზე იპოვეს ფრაგმენტები, რომლებიც დრონების ნამსხვრევებს ჰგავს, და ექსპერტიზას გადასცეს.
რუმინეთის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის თქმით, თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ ეს „შაჰიდების“ ფრაგმენტებია, რუმინეთი სიტუაციას „აბსოლუტურად მიუღებლად" ჩათვლის.
წყარო: Reuters