თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
როგორც ცნობილია, საქართველოში ორივე პარტიას აქტიურად უჭერენ მხარს პოლიტიკურად აქტიური სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციები, ხოლო მათი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია იყვნენ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების ყველაზე აქტიური მონაწილეები და ერთადერთი პოლიტიკოსები, რომლებსაც აღნიშნულ აქციებზე ტრიბუნიდან სიტყვის წარმოთქმის უფლება მისცეს.
„ჩვენ გვაქვს მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის კოალიციური მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია „დროას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, პარტიის ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ არ ითანამშრომლებენ არც ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლის წევრებიც წარსულში იყვნენ და არც ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“. ეს არის ხელისუფლების ოპონენტი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ორი პარტია.
„ჩვენ გვაქვს გამარჯვების ჩვენი კონცეფცია და მისით ვიხელმძღვანელებთ", – განაცხადა ჯაფარიძემ.
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ახალგაზრდების მხარდაჭერის ხარჯზე მცირე ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ამასთან, პარტია აქტიურია სოციალურ ქსელებში და არ გააჩნია დიდი პარტიული ინფრასტრუქტურა და ოფისები.
რაც შეეხება პარტია „დროას“, მისი ლიდერი ელენე ხოშტარია ასევე ცნობილია ახალგაზრდებთან ურთიერთობით და ახალგაზრდულ ორგანიზაცია „სირცხვილიასთან“ აქტიური თანამშრომლობით. თუმცა, მისი რეიტინგი, „გირჩთან" შედარებით, გაცილებით დაბალია.
საქართველოში ორივე პარტია ცნობილია ხმაურიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობით და მათი ლიდერები ამ აქციების დროს არაერთხელ იყვნენ დაკავებული პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.