საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

სააგენტოს ცნობით, თხილის მოსავლის აღების შემდეგ ფაროსანა სიმინდზე ინაცვლებს.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. დასავლეთ საქართველოში საყანე ფართობები აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
სააგენტოს ცნობით, თხილის მოსავლის აღების შემდეგ ფაროსანა სიმინდზე ინაცვლებს. საყანე ფართობების მონიტორინგის შედეგად იმ მასივებში, სადაც მავნებლის გადაჭარბებული კონცენტრაცია ფიქსირდება, სააგენტო სპეციალიზებული ტექნიკით თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს.

„ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 128.628 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით – 40.068 ჰა ფართობი, განთავსებულია მონიტორინგის 98.081 სპეციალური სისტემა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად, წელს სიმინდისთვის ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი მინიმუმამდეა დაყვანილი და, როგორც ფერმერები აღნიშნავენ, თითქმის 0%-ია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ჩაერთონ მავნებელთან ბრძოლის პროცესში და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განათავსონ მექანიკური ხაფანგები.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.