სემეკი მოქალაქეებს შესაძლო ინტერნეტ-თაღლითობაზე აფრთხილებს

თაღლითებმა მოქალაქეების კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების ახალი გზები გამონახეს.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი, GNERC) მოქალაქეებს სმს-შეტყობინების სახით შესაძლო ინტერნეტ-თაღლითობის თაობაზე აფრთხილებს. ამის შესახებ ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს-შეტყობინების სახით მიიღეს შეთავაზება – შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ.
სემეკი მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი სმს-შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები.
„კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის) კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა", – ნათქვამია განცხადებაში.
შესაძლო ინტერნეტ-თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებული მონაცემები შესასწავლად გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.