მერიამ აღმაშენებელზე უნებართვო ღია კაფეების დემონტაჟი განახორციელა

Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე მოქმედი 50-მდე კაფეს მიერ გარეთ უნებართვოდ დადგმული კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 40-მდე ღია კაფე იყო, რომლებიც სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებდნენ და ამახინჯებდნენ ქალაქის იერსახეს. მისი თქმით, ქაოსურად განლაგებული ღია კაფეები პრობლემას უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

„პანდემიის პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ დახურულ სივრცეში მეტი იყო ვირუსის გავრცელების რისკი, მათ უფლება მივეცით მაგიდები გარე ტერიტორიაზე განეთავსებინათ, თუმცა სარისკო პერიოდმა გადაიარა და დროა, ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორია მოწესრიგდეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

როგორც კალაძემ განმარტა, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ღია კაფეების მეპატრონეებს მერიამ დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლება და მოწესრიგება დაავალა, რისთვისაც მერიისგან გონივრული ვადაც მიეცათ.
მან საზოგადოებას თვალსაჩინოებისთვის ფოტომასალა წარუდგინა, თუ როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული სივრცე დემონტაჟამდე და ამჟამად რა მდგომარეობაა ტერიტორიაზე.

„გამზირზე არსებული ვითარება სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 14 კაფეს აქვს მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო შვიდ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე თანხმობა აქვს მიღებული.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტისგან შესაბამის ნებართვას მიიღებს ყველა ის მოქმედი ობიექტი, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, ღია საკვები ობიექტის დიზაინი უნდა იყოს სადა და ისტორიული თბილისის იერსახის შესაფერისი.
დედაქალაქის მერმა კაფეების მეპატრონეებს თანამშრომლობისთვის, ხოლო მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.