მოსაზრება: ევროპა რუსეთთან სასუქებით ვაჭრობას აფართოვებს

Sputnik
ნადეჟდა სარაპინა
გერმანიამ რუსული სასუქების შესყიდვა 334%-ით გაზარდა. საკუთარი წარმოება ძალიან გაუძვირდა და ბერლინი, რომელიც რუსული გაზისგან გათავისუფლებას ცდილობდა, მოსკოვისგან სხვაგვარად გახდა დამოკიდებული, მიაჩნია „რია ნოვოსტის“ მიმომხილველს.
კერძოდ, ის წერს:
გაზის ემბარგომ ევროპის ყველა ინდუსტრიაზე მოახდინა გავლენა. მაგალითად, ევროკავშირში ქიმიკატების წარმოება ბევრად გაძვირდა. როგორც გამოცემა Bild წერს, კონკრეტულად გერმანიაში ამგვარი ხარჯები 150%-ით გაიზარდა. ამიტომაც რუსეთში შესყიდვების გაზრდა უწევთ.
გასული წლის ივლისიდან მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით ბერლინში აზოტის სასუქების იმპორტი 334%-ით გაიზარდა. გერმანიის სოფლის მეურნეობის მრეწველობის ასოციაციის დაანგარიშებით, ამ სეზონზე სამამულო წარმოების პროდუქციის წილი საერთო მოცულობაში 5,6%-დან 18%-მდე გაიზარდა (38,5 ათასი ტონიდან 167 ათას ტონამდე), ევროკავშირმა კი ხუთჯერ მეტი იმპორტი განახორციელა, ვიდრე ერთი წლის წინ.
გამოცემა Berliner Zeitung (BZ) ვარაუდობს, რომ მოცულობა კიდევ გაიზრდება, რადგან სასუქებს სანქციები არ ეხება. თუმცა, ასეთი ნახტომი „დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს" მეტად ანერვიულებს. სოფლის მეურნეობის ასოციაციის მმართველმა დირექტორმა მარტინ მეიმ აღნიშნა, რომ ქიმიკატების წარმოებისას ხარჯების 90% გაზზე მოდის. და მიუხედავად რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის ყველა მცდელობისა, გერმანია მაინც იხდის გაზის საფასურს — ოღონდ სხვა ფორმით.
Bild-ის ინფორმაციით, გერმანელი მრეწველები ვერ უძლებენ კონკურენციას და კოტრდებიან. უმსხვილესმა ქიმიურმა კონცერნმა BASF-მა უკვე გამოაცხადა ლუდვიგშაფენის ამიაკის ქარხნის დახურვის შესახებ. საფრთხის ქვეშაა კიდევ ერთი გიგანტი — SKW Stickstoffwerke Piesteritz GmbH (SKWP), სადაც დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მუშაობს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქარხანა, რომელმაც „მეორე მსოფლიო ომს, საბჭოთა ექსპროპრიაციასა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გაუძლო“, ევროკავშირის არაჯეროვანი პოლიტიკის გამო არსებობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას. თუმცა ავტორები იაფ გაზზე უარს კი არ აკრიტიკებენ, არამედ იმას, რომ მთავრობამ „სისხლიანი სასუქები" არ აკრძალა.

სხვა გზა არ არის

ეკონომიკის მინისტრები და ცალკეული ოლქების მერები მთავრობისგან მტკიცე ნაბიჯებს მოითხოვენ. ისინი ირწმუნებიან, რომ რუსეთი საკუთარი შეხედულებით ადგენს გაზის შიდა ფასებს და ამ გზით ბაზარს იაფი სასუქებით აჯერებს. ეს კი ევროპულ კომპანიებს აიძულებს, რომ წარმოება შეამცირონ. თუმცა, მოწოდებებს ჯერჯერობით ნაყოფი არ გამოუღია.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ევროპას ალტერნატივა არ აქვს. წარმოების კრიზისი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, ხოლო მიმდინარე მოვლენები — ეს მხოლოდ გრძელვადიანი შედეგებია.
საბაზრო მოწყობა არ ითვალისწინებს კომპანიების შემოსავლების კონტროლს. შესაბამისად, ინდუსტრიები ცდილობენ ერთმანეთის ხარჯზე მოახდინონ წაგების კომპენსირება.
„მინერალური სასუქების მწარმოებლებს გაზის ფასების შემცირებამ საქმე არ გაუმარტივა. ენერგოკომპანიები გაზის გაყიდვას წინა თვეების მაღალი ფასებით განაგრძობენ. ისინი უფრო მეტ მოგებას იღებენ, ხოლო ქიმიური ქარხნები დახურვის ზღვარზე არიან“, — განმარტავს ექსპერტი ლეონიდ ხაზანოვი.
რუსული სასუქების აკრძალვა ასეთ პირობებში ქვეყნის სოფლის მეურნეობას საბოლოოდ მოკლავს. ფერმერები ვერ შეძლებენ მაღალი ტარიფებით მათ შეძენას, მოსავალს დაკარგავენ ან გაკოტრდებიან.
ამ დროს კი სასუქების საიმედო მიმწოდებელი რუსეთი დაინტერესებულია გრძელვადიანი თანამშრომლობით და შეუძლია იმუშაოს ურთიერთსასარგებლო პირობებში, აღნიშნავს რუსეთის მთავრობის ფინანსური უნივერსიტეტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი დმიტრი ტარასოვი.
თუმცა, მისი აზრით, არსებობს ახალი ემბარგოს დაწესების დიდი ალბათობა. რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებს დააზარალებს, მაგრამ მათთვის არალოგიკური პოლიტიკური გადაწყვეტილებები არახალია.

ჩვენზე ნუ ნერვიულობთ

ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაშიც კი, რუსი მწარმოებლები არ დაზარალდებიან. „ისინი ახალ პარტნიორებზე გადაერთვებიან, მათ შორის, განვითარებად ქვეყნებზე, რომლებსაც გაზისა და ნავთობ-ქიმიური მრეწველობა არ აქვთ და რომლებსაც მზა პროდუქტი სჭირდებათ", — ამბობს ტარასოვი.
მათ შორისაა აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები.
როგორც ეკონომიკის ექსპერტი ალექსანდრ ტიმოფეევი ამბობს, რუსული ქიმიკატები 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. მსოფლიო ექსპორტში რუსული კარბამიდის წილი 12%-ია, კალიუმის ქლორიდის წილი კი — 20%.
ინდუსტრიის ლიდერები — „ევროქიმი", „ფოსაგრო" და „აკრონი" პროცესის გაციფრულებისა და განვითარების უახლეს სტრატეგიებსა და პროცესებს იყენებენ. „ფოსარგომ“ დაამტკიცა, რომ ამ კორპორაციებს სუპერმოგებების მიღება შეუძლიათ. სამი-ოთხი წლის განმავლობაში ისინი წარმოების 35-37 მილიონ ტონამდე გაზრდას გეგმავენ.
გაეროს ანგარიშის თანახმად, რუსეთიდან სასუქების ექსპორტი 70%-ით გაიზარდა. ძირითად მყიდველებად ინდოეთი, თურქეთი და ვიეტნამი რჩებიან. ყველაზე დიდი იმპორტიორი ბრაზილიაა, ხოლო აფრიკის კავშირი ცდილობს გააფართოვოს იმპორტის მოცულობა.
15 წელიწადში დარგმა პროდუქციის გამოშვება გააორმაგა. ხუთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 2 ტრილიონი რუბლის ინვესტიციის განხორციელება.

„ეს გაორმაგებული ბრუნვისა და მოგების შესაძლებლობას იძლევა", — აღნიშნავს ტიმოფეევი.

ახლა ადგილობრივი კომპანიები მსოფლიო ბრუნვის 6-7 პროცენტს იკავებენ და მეორე ადგილზე არიან ჩინეთის შემდეგ.
ქიმიკატებზე მოთხოვნა როგორც რუსეთში, ისე მთელ მსოფლიოში წლიდან წლამდე 10-20%-ით იზრდება. ექსპერტების აზრით, აგროსამრეწველო კომპლექსის წარმატების წყალობით მოხმარება წელიწადში 10-15%-ით გაიზრდება. შესაბამისად, ევროპული ბაზრის პოტენციური დაკარგვაც კი არ იმოქმედებს პროდუქციის წარმოებაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე