თავდაცვის ახალი მინისტრი უკრაინაში: რუსეთში უმეროვის კანდიდატურა შეაფასეს

Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. რუსტემ უმეროვი, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრად არის წარდგენილი, ამერიკაში მიმალული თურქი ოპოზიციონერის ფეთჰულა გიულენის აღზრდილი და აშშ-ის „მსახურია“, განუცხადა „რია ნოვოსტის" ყირიმის ყოფილმა დეპუტატმა და პოლიტიკურმა ექსპერტმა რუსლან ბალბეკმა.

„თავდაცვის ახალი მინისტრის კანდიდატურა უფრო მეტად შეეფერება ქვეყანას, რომელიც თავად არაფერს წყვეტს. ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო არც უკრაინასთან, არც ყირიმელ თათრებთან, ვინაიდან ის ფეთჰულა გიულენის ფრთებქვეშაა გაზრდილი, ხოლო პოლიტიკურად აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) დააწახნაგეს“, — აღნიშნა ბალბეკმა.

გუშინ ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ილია რეზნიკოვი პოსტიდან გადადგა, რომელსაც თანამდებობაზე სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ჩაანაცვლებს.
ზოგი რუსული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უმეროვმა ფარული როლი შეასრულა მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც ბელარუსში გაიმართა; ხოლო ის ფაქტი, რომ „უკრაინის თავდაცვის მინისტრად მისი დანიშვნის თაობაზე ერდოღანისა და პუტინის სოჭში შეხვედრის წინ გამოცხადდა, დიდი ალბათობით, შემთხვევითი არ არის“.
რუსტემ უმეროვი 41 წლისაა. 1944 წელს მისი ოჯახი, სხვა ყირიმელ თათრებთან ერთად, საბჭოთა ხელისუფლებამ უზბეკეთის ქალაქ ბულუნგურში გადაასახლა.
ერთი პერიოდი უმეროვი ყირიმში ცხოვრობდა. ის ახალგაზრდობაშივე დაუმეგობრდა მუსტაფა ჯემილევს — ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთების შემდეგ ყირიმის ბლოკადის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორს. აღსანიშნავია, რომ ჯემილევის ორგანიზაცია „ყირიმელი თათრების მეჯლისი“ რუსეთში ექსტრემისტულად მიიჩნევა და კანონმდებლობით იკრძალება.
გავრცელებული ინფორმაციით, უმეროვი წლების განმავლობაში იყო ჯემილევის მრჩეველი და პირადი ასისტენტი. ეს უკანასკნელი დიდად აფასებდა თავის მრჩეველს და „ყირიმელი თათრების მომავალ ლიდერს“ უწოდებდა მას.