როგორ ამოვიცნოთ ყალბი მეგობარი: შვიდი კატეგორია ფსიქოლოგებისგან

Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ცხოვრებაში ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც თავიდან მეგობრებად გვაჩვენებენ თავს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ნამდვილ სახეს აჩენენ და ნათელი ხდება, რომ ეს არა ნამდვილი, არამედ ყალბი ურთიერთობა იყო, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, ასეთი „მეგობრისა“ და მისი რეალური ზრახვების ამოცნობა საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელი. სპეციალისტებმა „ყალბი ადამიანების“ რამდენიმე კატეგორია გამოყვეს, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. ესენია:
კომპლიმენტების ოსტატი — იმისათვის, რომ ნდობა მოიპოვოს, ვითომ მეგობარი თქვენ ქებას იწყებს. გამორიცხული არ არის, რომ ასეთ ადამიანს რაღაც სჭირდებოდეს თქვენგან და მისი კომპლიმენტები სულაც არ იყოს მეგობრობისა და სიმპათიის გამომხატველი.
მანიპულატორი — ეს მეგობრობის ყველაზე სახიფათო ფორმაა, რომლის გამოვლენაც ბევრად რთულია. მანიპულატორის მზაკვრული განზრახვა იმ მომენტში იკვეთება, როდესაც მას უკვე მოპოვებული აქვს თქვენი ნდობა. ხშირად ასეთი ვითომდა მეგობარი, მას შემდეგ, რაც სასურველს მიიღებს, თვალთახედვიდან ქრება. თუმცა შესაძლოა ისევ გამოჩნდეს, როცა დასჭირდება. ამიტომ შეეცადეთ თავი აარიდოთ მომენტებს, როცა მეგობარი თქვენს ნდობას სათავისოდ იყენებს.
კარიერისტი — ასეთები ადამიანში მხოლოდ და მხოლოდ კარიერული აღმავლობისთვის საჭირო ინსტრუმენტს ხედავენ. თუ ისინი გრძნობენ, რომ მათთვის სასურველი აღარ ხართ, შეუძლიათ მარტივად შეწყვიტონ ურთიერთობა თქვენთან. მეგობრის გრძნობები და სურვილები მათ არ აინტერესებთ.
მეგობარი-ორეული — ეს ფსიქოლოგიური პარაზიტიზმის განსაკუთრებული ფორმაა. იგულისხმებიან ინდივიდები, რომლებიც მზად არიან შეცვალონ თავიანთი ნებისმიერი თვისება ან მახასიათებელი ვითომ მეგობრის ინტერესებში. ანუ, ის იქნება ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ რომ იყოს. ეს შეიძლება სასიამოვნოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა.
თვითმარქვია მეგობარი — ასეთი ადამიანი მაშინ დაგიმეგობრდებათ, როცა ეს მისთვის იქნება ხელსაყრელი და მოსახერხებელი. მას არ ახასიათებს ერთგულება. როცა რაიმე პრობლემები წამოგეჭრებათ, ის უბრალოდ არ აღმოჩნდება თქვენ გვერდით.
მოღალატე — ეს ადამიანი შეიძლება რაღაც დროის განმავლობაში კარგი მეგობარი იყოს, მაგრამ შემდეგ ფარულად, ჩუმად გიღალატოთ. ამასთან მეგობარი-მსხვერპლი შესაძლოა ვერც კი ხვდებოდეს, რომ მის წინააღმდეგ ინტრიგები და მზაკვრობა მზადდება, ან უკვე მიმდინარეობს. მოღალატის ამოცნობა ხშირად მხოლოდ დესტრუქციული ქმედებების შემდეგ ხდება შესაძლებელი.
მეტოქე — ყველა სხვა ვითომ მეგობრებს შორის ეს ყველაზე ჩუმი და შეუმჩნეველი კატეგორიაა. იმ მომენტში, როდესაც ხალხში საკუთარ მიღწევებზე, წარმატებასა თუ რაიმე სასიამოვნო შენაძენზე დაიწყებთ საუბარს, ის აუცილებლად იტყვის რაღაცას, რათა ყურადღების ცენტრში თავად აღმოჩნდეს და არა თქვენ. ასეთი ადამიანი თქვენს ყველა წარმატებას გამოწვევად აღიქვამს და ცდილობს ყველაფერში გაჯობოთ. არსებითად, ის მუდმივი კონკურენტია და არა მეგობარი.