პრემიერი: საქართველო ვითარდება და მდიდრდება სწორი პოლიტიკის წყალობით

საქართველოში ეკონომიკური განვითარების ტემპები უნდა გაძლიერდეს, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. მთავრობის სწორი პოლიტიკის წყალობით საქართველო ძლიერდება, ვითარდება და მდიდრდება, ხოლო ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც პრემიერმა მანამდე განაცხადა, საქართველოში სიღარიბის დონე 2012 წელს ხელისუფლებაში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მოსვლის შემდეგ თითქმის ორჯერ შემცირდა და 2022 წელს 15,6% შეადგინა. მისი თქმით, მას შემდეგ სიღარიბე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა – 535 ათასმა დაძლია.

„ქვეყანაში უმუშევრობის და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, ხოლო ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე და 5,5 მლრდ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს რომ ქვეყანა ძლიერება, ვითარდება, მდიდრდება და ამას სჭირდება შენარჩუნება", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ეს შემთხვევით არ მომხდარა.
რაც შეეხება უმუშევრობის სტატისტიკას, მისმა დონემ 2023 წლის მეორე კვარტალში 16,7% შეადგინა, ანუ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (18,1%) 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,6 ათასი ადამიანით, ანუ 5,2%-ით შემცირდა და 266,9 ათასი ადამიანი შეადგინა.
მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა ბიზნეს-სექტორში მაღალ აქტივობაზეც ისაუბრა.

„მეორე კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და შეადგინა 48 მლრდ ლარი, ხოლო ორ კვარტალში მთელი ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 92 მლრდ ლარს გადასცდა, რაც მისასალმებელია, რადგანაც ნათელია, რომ ბიზნესი მოგვყვება, არის უფრო მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და უფრო მაღალი ტემპით გავაგრძელოთ ზრდა", – აღნიშნა პრემიერმა.

სტატისტიკის თანახმად, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 2023 წლის მეორე კვარტალში 737,7 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 6,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.