თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. კახელი ფერმერები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ აგროდაზღვევის პროგრამაში, რათა კლიმატური პირობების მიუხედავად უზრუნველყონ შემოსავალი, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოს სეტყვით დაზარალებული რაიონები მოინახულა.
შაბათს, 2 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
„უახლოეს დღეებში სადაზღვევო კომპანიები ადგილზე დაიწყებენ შეფასებას, ზარალის დათვლას და ანაზღაურების პროცესს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ფერმერებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აგროდაზღვევით, სადაც ძირითად ხარჯებს სახელმწიფო ფარავს და მხოლოდ 30%-ს იხდის ფერმერი“, – განაცხადა ნასარიძემ.
ნასარიძემ შეხვედრები თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფლების – სანიორეს, ნაფარეულის, ვაზისუბნის, ჯუგაანის, ტიბაანისა და ძველი ანაგის ფერმერებთან გამართა.
მინისტრის მოადგილემ მევენახეებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზადაა ჩაიბაროს დაზიანებული ყურძენი.
დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.