თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის მევენახე ფერმერებისგან სეტყვით დაზიანებული ყურძენი მიიღოს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
კომპანია პირობას დებს, რომ გადაამუშავებს სეტყვით დაზიანებულ ყურძენს და 1 კილოგრამში 0,90 ლარს გადაიხდის.
შაბათს, 2 სექტემბერს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.
სააგენტოს ცნობით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
„სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყენებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
რაც შეეხება წლევანდელ რთველს, სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის გადამუშავებულია 8 ათას ტონამდე ყურძენი.