ქართველი კალათბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ავსტრალიასთან დამარცხდნენ

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი მოიგო და სამი წააგო
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიის ნაკრებთან დამარცხდა - 84:100.
საქართველოსა და ავსტრალიის მატჩში უნდა გარკვეულიყო, თუ რომელი გუნდი გავიდოდა ჯგუფში მესამე ადგილზე. პლეი ოფში სლოვენიის და გერმანიის გუნდები გავიდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ითამაშა კაპიტნის თორნიკე შენგელიას, ასევე დუდა სანაძის, მიხეილ ბერიშვილისა და გიორგი ცინცაძის გარეშე, რომლებმაც მატჩი ტრავმების გამო გამოტოვეს.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში: საქართველო გერმანიასთან დამარცხდა >>
პირველ ტაიმში ავსტრალიის ნაკრებმა მაღალი კლასი აჩვენა და ანგარიშით 54:27 მოიგო.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დაიწყო - 30:25. მაგრამ ქართველ კალათბურთელთა ძალისხმევა არ იყო საკმარისი ანგარიშის გასათანაბრებლად. ბოლო მეოთხედში ავსტრალიელები კვლავ ძლიერები აღმოჩნდნენ - 17:21.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგა ბითაძე იყო 20 ქულით.
სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი მოიგო და სამი წააგო. შედეგად ილიას ზუროსის შეგირდები მსოფლიოს 16 უძლიერეს გუნდს შორის მოხვდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. სულ 32 ნაკრები ჯამში 92 მატჩს გამართავს.
ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში ტარდება. გუნდები რვა ჯგუფად არიან დაყოფილი. თითოეულ ჯგუფში ოთხი გუნდია. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბრძოლა თითოეული ჯგუფიდან ორმა საუკეთესო გუნდმა გააგრძელა.